ქსელის მიმოხილვა

პროექტირება და მშენებლობა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი აშენებულია ITU-T-ისა და IEC-ის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად, ხოლო სამონტაჟო და ტესტირების პროცედურები შეესაბამება Fiber Optic Association-ის (FOA) საუკეთესო პრაქტიკას. მაგისტრალური ქსელი სრულად განთავსებულია მიწისქვეშ. ქსელის მცირე, არამაგისტრალური მონაკვეთები (ქსელის დამაბოლოებელი სექციები), განთავსებულია ბოძებზე, რაც შეადგენს მთლიანი ქსელის 20%-ზე ნაკლებს.

ინფრასტრუქტურაში გამოყენებულია ITU-T G.652.D სტანდარტის ერთმოდიანი ოპტიკური ბოჭკო. აშენებული მაგისტრალური ქსელი აკმაყოფილებს მკაცრ ტექნიკურ მოთხოვნებს: ოპტიკური სიგნალის მილევა 1550 ნმ ტალღის სიგრძეზე არ აღემატება 0.21 დბ/კმ-ს, თითოეულ შედუღებაზე დანაკარგი არ აღემატება 0.15 დბ-ს, ხოლო ოპტიკური არეკვლის დანაკარგის (ORL) საერთო მაჩვენებელი შეადგენს არანაკლებ 32 დბ-ს.

სპეციალურ დამცავ მილებში ჰაერის წნევით ჩაბერვის მეთოდით განთავსებული მიწისქვეშა ოპტიკური კაბელები, დამატებითი მაფრთხილებელი ლენტითა და შესაბამისი ქვიშის ბალიშით განთავსებულია უსაფრთხო სიღრმეზე. საჰაერო მონაკვეთებზე გამოყენებულია ადგილობრივი კლიმატური პირობებისთვის განკუთვნილი თვითმზიდი კაბელები. როგორც მიწისქვეშა, ისე საჰაერო კაბელები არის სრულად დიელექტრიკული, აღჭურვილია დამცავი გარსითა და გააჩნია დამატებითი სიმტკიცის ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მათ გამძლეობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

ხარისხის კონტროლი

ოპტიკური ბოჭკოს შეერთება ხორციელდება მხოლოდ თერმული შედუღების (Fusion Splicing) მეთოდით. თითოეულ შედუღებაზე დანაკარგი იზომება და აღირიცხება უშუალოდ სამუშაოების ადგილზე.

თითოეული ოპტიკური ბოჭკო მოწმდება უწყვეტობასა და სწორი თანმიმდევრობის დაცვაზე, რის შემდეგაც ტარდება ორმხრივი ტესტირება 1310 და 1550 ნმ ტალღის სიგრძეებზე. OTDR-ის რეფლექტოგრამები ანალიზდება არეკვლებისა და დეფექტების გამოსავლენად. ტესტირების ყველა შედეგი, ოპტიკური ბოჭკოების განაწილების სქემები და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია (As-built Documentation) მოწმდება და აღირიცხება.

მონიტორინგი

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება აგრეგაციის წერტილებიდან, OTDR-ზე დაფუძნებული ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, 24/7 რეჟიმში, მათ შორის იმ ოპტიკურ ბოჭკოებზეც, რომლებზეც მოქმედი სერვისებია ჩართული. სისტემა აფიქსირებს კაბელის დეგრადაციას/დაზიანებას და ადრეულ ეტაპზევე ავლენს ოპტიკური მახასიათებლების თანდათანობით გაუარესებას.

ტექნიკური მომსახურება

ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს 24/7 ტექნიკურ მხარდაჭერას და დაუყოვნებლივ რეაგირებს თითოეულ ინციდენტზე. სპეციალიზებული ტექნიკური მომსახურების ჯგუფისთვის წინასწარ განსაზღვრულია კაბელის დეგრადაციის ან/და დაზიანების აღმოსაფხვრელი ვადები და წესები. გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ შემთხვევებში ინფრასტრუქტურა განთავსებულია დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ტყეებსა და გეოგრაფიულად რთულ რელიეფზე, საველე სამუშაოები იგეგმება აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დაზიანებების დროული აღმოფხვრა რთულად მისადგომ ადგილებშიც კი.

სერვისები

ოუფენ ნეტი ოპერატორებს სთავაზობს როგორც მაღალი ხარისხის გაუნათებელ ოპტიკურ ბოჭკოებს (Dark Fibre), აგრეთვე მონაცემთა გადაცემის სერვისებს MPLS L2VPN ტექნოლოგიის გამოყენებით. პროტექტირებული ქსელის მონაცემთა გადაცემის სერვისი უზრუნველყოფს მონაცემთა სახეუცვლელ გადაცემასა (Transparent data transmission) და გარანტირებულ სიმეტრიულ გამტარუნარიანობას, დროის პიკური დატვირთვის პერიოდშიც კი. სერვისი ასევე მხარს უჭერს Jumbo Frames-ს და ფუნქციონირებს დაცულ სატრანსპორტო ქსელზე.

ორივე სერვისი მოიცავს უფასო მიერთებას აგრეგაციისა და დაშვების წერტილებში. ყველა ოპერატორისთვის ქსელზე წვდომა უზრუნველყოფილია ღია და თანასწორი პირობებით, ხოლო გამტარუნარიანობისა თუ სერვისების ცვლილება ხორციელდება მოკლე დროში. ინფრასტრუქტურას ყველა მიმართულებაზე გააჩნია ოპტიკური ბოჭკოების სათანადო რესურსი, რაც საჭიროების შემთხვევაში ერთი დასახლებული პუნქტის ფარგლებშიც კი ხდის შესაძლებელს სერვისი მიწოდებული იქნას ერთდროულად რამდენიმე ოპერატორისთვის.

სიახლეები

გაეცანით სიახლეებს