პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).
ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალურ კავშირს წარმოადგენს, რომელსაც კოორდინაციას საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) უწევს.
ოუფენ ნეტის დირექტორის, მარიამ სულაბერიძის თქმით, აღნიშნული გამარჯვება პროექტ Log-In Georgia-ს საერთაშორისო აღიარებაა, რაც ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას და გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში საქართველოს ძალისხმევას, შექმნას უკეთესი გარემო და ქვეყნის ციფრული ინტეგრაციის მყარი საფუძველი. მისი შეფასებით, WSIS Prize-ის ნომინაციები და ჯილდოები მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა იმ პროექტების აღიარებისთვის, რომლებიც შეესაბამება WSIS-ის მიზნებს – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნას ინკლუზიური და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო საზოგადოება.