პროგრამის მიზანი და აღწერა
პროგრამის მიზანია მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს კერძო ოპერატორების მიერ საცალო ქსელების მშენებლობას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას. შედეგად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი პროგრამები და სერვისები, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები - იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა.
სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:
- ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა
- სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება
- შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად განხორციელდება:
ა) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა გადაცემის ქსელების პროექტირება, მშენებლობა, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ფართოზოლოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის ოპტიკური ძარღვების სარგებლობაში გაცემა;
ბ) ოპერატორების მფლობელობაში არსებულ იმ დაშვების წერტილებში დაერთება, რომლებიც კომისიის მონაცემებით, უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შეერთებით დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალებთან და აქვს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რაოდენობის ოპტიკური ძარღვები;
გ) დაშვების წერტილების დაგეგმარება/მოწყობა და ნებისმიერი ოპერატორისათვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით, თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში გადაცემის ქსელის ღია დაშვების მომსახურების მიწოდება, რათა ოპერატორებმა განავითარონ თავიანთი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა და საკუთარი ქსელების საშუალებით, ბოლო მომხმარებლებს მისცენ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებებთან წვდომის შესაძლებლობა.
პროგრამის განხორციელების ეტაპები
პირველ ეტაპზე განხორციელდა საპილოტე პროექტი, რომელიც მოიცავდა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობას გურიის რეგიონის, ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში. (ძირითადი პარამეტრები: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - 140 კმ).
ამასთან, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia". საპილოტე ქსელის მშენებლობა, სწორედ, ამ დიდი პროექტის დასაწყისია, რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს იქნება დაახლოებით 1000 დასახლებული პუნქტი (მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები). პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს, დაახლოებით, 500,000 ადამიანი.
ქსელის მშენებლობა განხორციელდება „ოუფენ ნეტის“ მიერ, ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
საკანონმდებლო ბაზა
„საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილება https://matsne.gov.ge/ka/document/view/3355632
"საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის № 806 განკარგულება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება #487 "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4764812?publication=1