ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მეორე საპილოტე პროექტის მშენებლობას შპს „სის ბიზნეს სერვისი“ განახორციელებს

19.08.2021

სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „სის ბიზნეს სერვისმა“ ოთხ პრეტენდენტს შორის საუკეთესო წინადადება წარმოადგინა და გამარჯვებულად დასახელდა. "ოუფენ ნეტსა" და გამარჯვებულ კომპანიას შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მოეწერა.

"ოუფენ ნეტის" დირექტორის, მარიამ სულაბერიძის თქმით, ქობულეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის მიზნით გამოცხადებული  ელექტრონული ტენდერი კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

„ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვიწყებთ მეორე საპილოტე პროექტის განხორციელებას და აქტიურად ვმუშაობთ შემდეგ რეგიონებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ტენდერი ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და იმედი გვაქვს, რომ კომპანიები ასევე აქტიურად ჩაერთვებიან შემდეგი რეგიონების მშენებლობის პროცესში“, - აღნიშნა "ოუფენ ნეტის" დირექტორმა.

მისივე თქმით, „სის ბიზნეს სერვისი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში 50 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას ააშენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 11 000-მდე მოსახლისთვის შეიქმნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ხარისხიანი ინტერნეტ-მომსახურებებით.

„სის ბიზნეს სერვისი” ქართულ-ბელორუსული კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სატელეკომუნიკაციო ქსელები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომუნალური ქსელებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ა.შ. კომპანია Siemens-თან პარტნიორობით „სის ბიზნეს სერვისს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.