ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა

14.05.2021

გურიის რეგიონში განხორციელებულ ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

სახელმწიფო პროგრამის დღევანდელი სტატუსის მიხედვით, საპილოტე პროექტის ფარგლებში დასრულებულია 140 კმ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით.

უკვე დაწყებულია მეორე საპილოტე პროექტი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 50 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის შედეგად, დაახლოებით 10 500 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და მიიღოს ფართოზოლოვანი მომსახურება.

ასევე აქტიურ ფაზაშია პროექტი "Log in Georgia", რომელიც მსოფლიო ბანკის ჩართულობით ხორციელდება და რომლის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 1000 დასახლებული პუნქტის, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში ოპტიკური ქსელის მშენებლობა, რომლითაც სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი.

პროექტის ფარგლებში 2022 წლის პირველ კვარტალში ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაიწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ქსელის სიგრძე - 105 კმ; 10 700 მოსახლე); 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება ასევე სამუშაოები ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში (ქსელის სიგრძე -142 კმ; 11 000 მოსახლე).

„კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა მხარეს, ვინაიდან ერთობლივი ძალისხმევით საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა. ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, პროგრამაში ჩართული ყველა მონაწილისთვის, კერძო სექტორისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ვისთვისაც პროგრამის განხორციელებით შეიქმნა ახალი შესაძლებლობები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს, სადაც ყველას  თანაბრად შეუძლია მიიღოს ის უსაზღვრო სარგებელი, რასაც გლობალურ ქსელთან, ინტერნეტთან წვდომა იძლევა, - აღნიშნა  „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ.  

საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ ღონიძიებას საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.