Log in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა
სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც პროექტ „Log in Georgia“-ს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის ფარგლებში გამოცხადდა, გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვისა და შეფასების საფუძველზე, სოფლად ფართოზოლოვანი ინტერნეტის დანერგვის მიზნით, დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართულობას.
აღნიშნული შესყიდვით, ციფრული საჭიროებების გამოვლენა იგეგმება ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიული არეალის 49 დასახლებულ პუნქტში, სადაც გაიზრდება ფართოზოლოვანს მომსახურებასთან წვდომა და, ამავდროულად, მიზნობრივი ინტერვენციებით ხელი შეეწყობა ქალების, სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ციფრული უნარების განვითარებას. პროგრამის დიზაინი დაეყრდნობა გამოკითხვებს, ფოკუს ჯგუფებსა და ბენეფიციართა მონაწილეობას, რათა შეგროვდეს ინტერნეტით სარგებლობის საბაზისო მონაცემები, შეფასდეს კონკრეტული საჭიროებები და გამოვლინდეს ინტერნეტის გამოყენების გაუმჯობესების მხრივ საჭირო მიმართულებები თითოეულ დასახლებულ პუნქტში.
შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას.
„Log in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილების საფუძველზე, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს.
გამოცხადებული შესყიდვის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=401892&lang=ge