ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

„რეგიონების ციფრული ტრანსფორმაცია“ - მარიამ სულაბერიძემ ინტერნეტმმართველობის ფორუმზე ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა

02.12.2020

„დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო  მნიშვნელოვანი გახდა საქართველოს რეგიონებში საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.  მიმდინარე ვირტუალური ფორუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მათ შორის, რეგიონების ციფრული ტრანსფორმაცია“, - აღნიშნული განცხადება „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ ონლაინ ფორმატში გამართულ ინტერნეტმმართველობის ფორუმზე (GeoIGF 2020) გააკეთა.

მარიამ სულაბერიძემ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე სტატუსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპილოტე რეგიონში ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ პროექტზე „Log-in Georgia“, რომლის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 500 000 მოსახლეს შესაძლებლობა მიეცემა ისარგებლოს ხარისხიანი ინტერნეტით. რაც შეეხება პროგრამის საპილოტე რეგიონს, ქსელის მშენებლობა გეგმის მიხედვით და შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აშენებულია 60 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა “, - განაცხადა მარიამ  სულაბერიძემ.  

სხვადასხვა თემატურ სესიაზე, საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, საქართველოს ინტერნეტსივრცეში არსებული პრობლემები განიხილეს. საუბარი შეეხო შემდეგ საკითხებს: ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში, ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა და საქართველო, COVID-19 და ელექტრონული სწავლების გამოწვევა და ა. შ.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის საბჭოსა და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2015 წლიდან  იმართება.