მარიამ სულაბერიძე: პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საპილოტე ქსელის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე ქსელის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. "ოუფენ ნეტის" დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, აკაკი საღირაშვილთან ერთად, სოფელ ლიხაურში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა მხარეს, ვინაიდან პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საპილოტე ქსელის მშენებლობა დაჩქარებული წესით და შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონის 30 000-მდე მოსახლეს მალე შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა ელექტრონული სერვისებით, - განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.
ამავე დღეს, "ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელმა კიდევ ერთი მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ის გურიის რეგიონში წარმოდგენილ ერთ-ერთ ინტერნეტპროვაიდერს შეხვდა.
„კომპანია AIRNET-ის დაფარვის ზონა გურიის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. ჩვენ შევხდით ამ კომპანიის წარმომადგენელს და ერთობლივად განვიხილეთ ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ვფიქრობ, ამ გეგმების რეალიზება მნიშვნელოვნად უკავშირდება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებას, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის ხელშეწყობას - განავითარონ საკუთარი ქსელები და ბოლო მომხმარებელს მიაწოდონ ხარისხიანი ინტერნეტი“, - აღნიშნა მარიამ სულაბერიძემ.