ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე რეგიონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

05.08.2020

საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში, საიდანაც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ დირექტორი, მარიამ სულაბერიძე ჩავიდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან  და სამშენებლო არეალში არსებული დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხები.

აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, პრაქტიკულად, არის გარღვევა ამ სფეროში, ვინაიდან აქამდე არც საქართველოში და არც რეგიონში, მსგავსი ხარისხის ინტერნეტი, ასეთ დასახლებულ პუნქტებში არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, კორონავირუსმა და პანდემიამ უფრო მნიშვნელოვნად გამოაჩინა ის საჭიროება, რომელიც გულისხმობს წვდომას მაღალი ხარისხის ინტერნეტთან, - წვდომას ისეთ მომსახურებებთან, როგორიც არის ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები

„მსურს ოზურგეთის მოსახლეობას და მთლიანად რაიონს მივულოცო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული საპილოტე რეგიონის 49 დასახლებული პუნქტი, რომლებსაც, მიმდინარე წლის ბოლოს უკვე ექნებათ წვდომა უმაღლესი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვან სწრაფ ინტერნეტთან. ეს არის იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ და რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს იქნება დაახლოებით 1064 დასახლებული პუნქტი და ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლის შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით“,  - განაცადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა. 

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელმა, მარიამ სულაბერიძემ წარუდგინა. მისი თქმით, პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის, ასევე პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - - 145 კმ.

„მნიშვნელოვანია, რომ აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას. შემუშავებული მოდელით ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები და ბოლო მომხმარებელს მიაწოდონ ხარისხიანი ინტერნეტი“, - განაცხადა “ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპილოტე ქსელის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის  დაიგეგმა.