ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

მთავრობის სხდომაზე საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

21.07.2016

მთავრობის სხდომაზე საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. პროექტი მთავრობის წევრებს განსახილველად საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისთვის მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალებას იძლევა  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაინერგოს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი პროგრამები და სერვისები, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, კომერცია და სხვა. თანამედროვე სერვისები ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა.

ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ინიციატივით შექმნილი ა(ა) იპ „ოუფენ ნეტი“ ახორციელებს.

როგორც ორგანიზაციის დირექტორი ნინო ქუბინიძე აცხადებს, „აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას, კონკურენციის განვითარებასა და კერძო ინვესტიციების განხორციელებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შემდგომ დაიწყება როგორც კერძო სექტორის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის განხორციელება, ასევე „ოუფენ ნეტის“ მიერ ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ღია დაშვების წერტილების უზრუნველყოფა“.