ნონო ქუბინიძემ საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების IX რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია „GITI 2016” გაიმართა.
კონფერენცია წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ღონისძიების მონაწილეებმა ტრადიციულად წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები, განიხილეს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მაგალითები და ცნობილი ექსპერტების პრეზენტაციები.
„ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, ნინო ქუბინიძემ კონფერენციაზე საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა წარადგინა.
„ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივის განხორციელებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობამ 2014 წლიდან დაიწყო და ამ მიმართულებით დღეს ჩვენ გვაქვს გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პროგრამა და შემუშავებული მოდელი შესაბამისობაშია ევრორეგულაციებთან და ორიენტირებულია, როგორც კერძო სექტორის ხელშეწყობაზე, ასევე მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესზე.
როგორც ცნობილია „ოუფენ ნეტის“ საქმიანობა განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი კომპონენტის მიხედვით, ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე მოღვაწე სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის თანადაფინანსების მოსაპოვებლად მიმდინარეობს კონკურსი, რომლის დასრულებისთანავე შევუდგებით მეორე კომპონენტის - ქსელის მშენებლობის განხორციელებას.
„ოუფენ ნეტის“ ყველა აქტივობა, მათ შორის პროცესით დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრები, კონსულტაციები თუ საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა კერძო სექტორის ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ყველა ეტაპზე იყო და იქნება საჯარო და გამჭვირვალე.
მნიშვნელოვანია, რომ ფართოზოლოვანი ინგფრასტრუქტურა აშენდეს მთელი საქართველოს მასშტაბით და მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს ისეთ თანამედროვე სერვისებზე და პროგრამებზე, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, კომერცია და სხვა - ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა“, - აღნიშნა ქუბინიძემ.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციის მუშაობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.