EBRD-ს მიწვევით, ნინო ქუბინიძემ ათენში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
„ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, ნინო ქუბინიძემ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ABC (Accelerating Broadband Connectivity) ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში - „ინვესტირება ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაში“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე დელეგატი, ხოლო კონფერენციას წარმართავდნენ ცნობილი საკონსულტაციო ორგანიზაციების ანალიტიკოსები და ექსპერტები, მათ შორის „Cullen International“-ის, „Analysys Mason“-ის, „Arthur D. Little“ -ის, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელები და ევროკომისიის Broadband Unit (B5) DG Connect-ის წარმომადგენელები.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ იმ ქვეყნების ინფორმირებასა და ფინანსურ მხარდაჭერას, სადაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ჯერ არ დაწყებულა. EBRD მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ასეთ ქვეყნებს ყველა მიმართულებით, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის ევრორეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანით, სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებით და ა. შ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენელი, „ოუფენ ნეტის“ დირექტორი კონსულტანტის სტატუსით იმყოფებოდა. საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლების თქმით, EBRD-ს საქართველოში სხვადასხვა რეფორმებში მონაწილეობის მყარი გამოცდილება აქვს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ციფრული მაუწყებლობის წარმატებული რეფორმა 2014 - 2015 წლებში და ისაუბრეს იმ მიმდინარე კონსულტაციებზე, რომლებსაც EBRD-ის მხარდაჭერით, “Grant Thornton”-ისა და „Analysys Mason“-ის ექსპერტები საქართველოს ტელეკომუნიკაციის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით უწევენ.
ნინო ქუბინიძემ 20 წუთიან პრეზენტაციაში დელეგატებს გაუზიარა საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ - ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის სახელმწიფო პოლიტიკა, შემუშავებული მოდელი, განვითარების ეტაპები და მიმდინარე პროცესები. პრეზენტაციაში ნაჩვენები იყო ევროდირექტივებთან და ევრორეგულაციებთან შესაბამისობა.
„დღეს მე მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად და თქვენ წინაშე წარვსდგე და ჩემი ქვეყნის სახელით ვისაუბრო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით საქართველომ უკვე გადადგა გარკვეული წარმატებული ნაბიჯები. აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, საგრძნობლად განვითარდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ქსელები და საქართველოს რეგიონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრამები და აპლიკაციები, რის შედეგადაც გაიზრდება და გაღრმავდება საზოგადოების კომპიუტერული წიგნიერება და შესაძლებელი გახდება საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დანერგვა და გამოყენება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადგილობრივი წარმოებების განვითარებას და ასევე მოსახლეობის რეგიონიდან დედაქალაქში მიგრაციის შეჩერებას“, - აღნიშნა ქუბინიძემ.
„ოუფენ ნეტის“ დირექტორის პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ქვეყნებიდან, სადაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა. დელეგატებმა დეტალურად გამოიკითხეს საქართველოში აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, ხოლო EBRD-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ICT სექტორის განვითარების კუთხით, საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში, დღეს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია.