მესტია-ჯვრისა და ზუგდიდი-ხობის მიმართულებებზე ოპტიკური ქსელის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები დაიწყო მესტია-ჯვრისა და ზუგდიდი-ხობის მიმართულებებზე, რომელიც მოიცავს: მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკისა და ზუგდიდის იმ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია.
აღნიშნულ მიმართულებაზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია შპს TELECOM MEDIA INTERNATIONAL -ი.
მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებმა, ქსელის მშენებელ კომპანიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმ ადმინისტრაციული ერთეულებიდან, სადაც დაგეგმილია ოპტიკური ქსელის მშენებლობა.
მესტია - ჯვრის მიმართულება მოიცავს 160კმ-მდე ოპტიკურ ინფრასტრუქტურას და 6,000 მოსახლეს, ხოლო ზუგდიდი-ხობის მიმართულება - 270 კმ-იან ოპტიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც 26,500 მოსახლისთვის შექმნის ხარისხიან ინტერნეტთან, ტელევიზიასთან და სხვა ციფრულ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობებს.