საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, პროექტ „Log-In Georgia“-ს ფარგლებში „ოუფენ ნეტი“ აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვაზე
პროექტ „Log-In Georgia“-ს ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, „საქართველოს 5 რეგიონში ციფრული საჭიროებების შეფასების კვლევის“ განხორციელებისთვის, „ოუფენ ნეტი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.
საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან (WB) ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას საქართველოში პროექტ Log-in Georgia-ს განხორციელების დასაფინანსებლად. პროექტი მიზნად ისახავს: საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაციას და სოფლად მცხოვრები 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნას და ასევე, ციფრული უნარების განვითარებისა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას.
კვლევითი დავალების მიზანია, პროექტ Log-in Georgia-ს ერთ-ერთი კომპონენტის, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ჩატარება, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და აჭარის სამიზნე დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის ციფრული საჭიროებების გამოსავლენად. კვლევის შედეგები კომუნიკაციების კომისიას უნდა დაეხმაროს ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ტრენინგ-მოდულების შერჩევასა და შექმნაში.
კვლევითი კომპანიის (კონსულტანტის) ვალდებულება იქნება მოსახლეობის ციფრული საჭიროებების კვლევის ჩატარება. კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული იქნება, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები და შესაბამისად, შემუშავებული იქნება მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგია.
საკონსულტაციო მომსახურების ვადა შეადგენს ექვს (6) თვეს.
კვლევითი დავალების დეტალების და კონსულტანტი კომპანიის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ამოცანებისა და პასუხისმგებლობების ნახვა შესაძლებელია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
კვლევითი კომპანიის (კონსულტანტის) შერჩევა განხორციელდება მსოფლიო ბანკის IPF მსესხებლების 2016 წლის ივლისის შესყიდვების რეგულაციის (2016 წლის აგვისტოს და 2017 წლის ნოემბრის განახლებული ვერსიები) მიხედვით.
ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ზოგადი, მაგრამ სრული ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მათ გამოცდილებას ანალოგიურ პროექტებში, შესაბამისი ექსპერტების კვალიფიკაციას და ა.შ. კომპანიებს არ მოეთხოვებათ ფინანსური წინადადების წარმოდგენა.
დაინტერესებულმა პირებმა ინტერესთა გამოხატვის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, pdf ფორმატში, შემდეგ მისამართზე:procurement@opennet.ge
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო, 17:30 სთ.