ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებულ მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი დასრულდა

01.10.2016

საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ -ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით დაინტერესებულ მხარეებს შორის,  კითხვა-პასუხის რეჟიმი დასრულდა.

აღნიშნულ ფორმატში  ურთიერთანამშრომლობა „ოუფენ ნეტმა“ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს 16 სექტემბრიდან შესთავაზა, რასაც წინ უსწრებდა წინამოსამზადებელი  სამუშაო  პროცესი - კერძოდ, დაინტერესებული მხარეებისთვის  ორგანიზაციის მიერ მომზადებული  სამმხრივი ხელშეკრულება, მისი დანართებისა  და  თანმხლები დოკუმენტაციის   მომზადება. 

16 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე   “ოუფენ ნეტმა”  ოპერატორებისა და საბანკო სექტორის მიერ  შემოთავაზებული  30-მდე  საკითხი განიხილა და მათი თხოვნის საფუძველზე,  ხელშეკრულებებსა და დანართებში  გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. კერძო სექტორის კითხვები,   შეეხო  საბანკო გარანტიებსა და საკრედიტო პირობებს, პირგასამტეხლოს, ლოტებად დაყოფის მეთოდოლოგიას, თეთრი ზონებისა და ნებართვების თემებს, ასევე ტარიფებს, მომსახურებებს, დაზიანების აღდგენის ვადებს,   რაზეც  „ოუფენ ნეტმა“    ამომწურავი პასუხები გასცა.

დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ შემუშავებული დოკუმენტაცია, მთავრობის მიერ დამტკიცებული #375 დადგენილების  შესაბამისად,  „ოუფენ ნეტმა“ შესათანხმებლად  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინა. 

იხილეთ კითხვა-პასუხის  რეჟიმის დასრულებული სამუშაო  და შედეგები :

 

კითხვა-პასუხის რეჟიმი დასრულდა 30.09.2016

 

კითხვა N 1

ოპერატორი: „ხელშეკრულება სად და როგორ შეიძლება გავაფორმოთ?“

ოუფენეტი: გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ინტერესთა გამოკითხვის რეჟიმი, რომელიც მოიცავს ა) ხელშეკრულებისა და მისი დანართების ოპერატორთათვის გაცნობას და მის ირგვლივ არსებული კითხვების დამუშავებას და ბ) იმ ოპერატორთა სიის შედგენას, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მიიღონ მონაწილეობა პროგრამის თანადაფინანსების კომპონენტში. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი, რომლის შედეგადაც ლოტების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც მოეწერება ხელი ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ხელმოწერის დრო და ადგილი გამარჯვებულ ბენეფიციარს ეცნობება კონკურსის დასრულების შემდეგ.

კითხვა N 2 

ოპერატორი: „დაიშლება თუ არა ლოტი?“

ოუფენნეტი: გაცნობებთ, რომ პოტენციური ბენეფიციარების მხრიდან გამოთქმული თხოვნების შემდეგ, გადაწყდა შეიცვალოს ლოტების შედგენის პრინციპი და იმ ლოტებში, სადაც მათი ჯამური რაოდენობა აჭარბებდა ერთ ასეულს, მათი შედგენის პრინციპი შეიცვალოს რეგიონულიდან რაიონულზე. კერძოდ: იმერეთის ლოტი შედგებოდა 175 დასახლებული პუნქტისგან, აღნიშნულ ლოტი დაიშლება და შედგება 11 დამოუკიდებელი ლოტი, იგივე პრინციპით დაიშლება სამეგრელოს ლოტი.

კითხვა N 3

ოპერატორი: „შესაძლებელია თუ არა დაზიანებების აღდგენის დროის კორექტირება?“

ოუფენნეტი: დაზიანების აღდგენის დრო გახლავთ 6 საათი, რომელსაც დამატებით ემატება საპატიო 1 საათი, რაც ჯამურად 7 საათს შეადგენს. ზოგადად, მნიშვნელოვანია ბენეფიციარმა აბონენტს ან/და სხვა ოპერატორს მიაწოდოს ხარისხიანი სერვისი, რომელსაც, თავის მხრივ, სერვისის მიწოდების პასუხისმგებლობა აქვს აღებული თავის აბონენტთა წინაშე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია სტიქიით (მეწყერი და ა.შ. რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურების მიერ) მოქმედებს ხელშეკრულებაში ფორს მაჟორის მუხლით გათვალისწინებული პირობები, ხოლო სხვა ტიპის დაზიანებათა (სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები) პრევენცია შესაძლებელია ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს მიღებული ზომებითა და სტანდარტებით, კერძოდ,  მანიშნებლების გამოყენებით (მაგ: მანიშნებელი ლეტნი, მანიშნებელი ბოძები და ა.შ) რომელიც დამონტაჟდეს ოპტიკური მაგისტრალის გასწვრივ, აგრეთვე ინფრასტრუქტურის  (ხაზოვანი ნაგებობის) რეგისტრაციით.

კითხვა N 4

ოპერატორი: „ჩვენ მოვინახულეთ ვაჟა-შაველას ფილიალი და სტანდარტული ბიზნესსესხის თაობაზე დავსვიტ შეკითხვები. სესხის ოფიცერმა გაგვიცხადა რომ  იფოთეკაში ჩაიდებს შემდეგი სახის უძრავ ქონებას: შენობა ნაგებობები,მიწები,მანქანები და მსგავსი ფასეულობები. ჩვენი ძირითადი საშუალებების _ ანძების,გადამცემების,კაბელების,აპარატურული ნაწილის დატვირთვას იპოთეკით არ ვაკეთებტო.“

ოუფენნეტი: შეგახსენებთ, რომ ოუფენნეტი უზრუნველყოფს მხოლოდ სესხის თანადაფინანსებას და მას არ გააჩნია სხვა ინსტიტუტებზე ზემოქმედების ბერკეტები. თუმცა პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით დაინტერესებამ და გადადგმულმა შემდგომმა ნაბიჯებმა შესაძლოა, მათი აღნიშნული მიდგომა შეცვალონ. 

კითხვა N 5 - საბანკო გარანტიებისა და საკრედიტო პირობების თემა

ოპერატორი: „საბანკო გარანტიების და ნაკლთან საკრედიტო ურთიერთობის საკითხები: საბანკო გარანტიის და საკრედიტო ურთიერთობის ჭრილში სამწუხაროდ არ არის შემოთავაზებული არანაირი შეღავათიანი  რეჟიმი.“

ოუფენნეტი: საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული შეღავათი მდგომარეობს იმაში, რომ გარანტია წარმოსადგენია არა მთელი მიზნობრივი თანადაფინანსების თანხაზე, არამედ მხოლოდ პირველი სამი წლის თანადაფინანსების თანხაზე და არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, ყოველ წელს, ან დამატებითი ტრანშების შესაბამისად.

შეღავათები „საკრედიტო ურთიერთობის ჭრილში“ წარმოდგენილია სამმხრივი ხელშეკრულების მე-10 მუხლში, კერძოდ, კრედიტის დამტკიცებისა და გაცემის საკომისიო <= 0.05%; წინსწრებით დაფარვის საკომისიო <=2%; კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, მოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო განაკვეთი; ვადაგადაცილებულ თანხაზე პირგასამტეხლო <=0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

კითხვა N 6

ოპერატორი: „გთავაზობთ რომ მოხდეს გარკვეული კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და რეკომენდაციის მიცემა მათთვის დამატებითი, ხელშემწყობის რეჟიმის და პირობების შემოსათავაზებლად.“

ოუფენნეტი: გაცნობებთ, რომ ოუფენნეტი აქტიურად თანამშრომლობს საბანკო სექტორთან. დაინტერესებულ ბანკებს მიეწოდათ სრული დოკუმენტაცია და შედგა სამუშაო შეხვედრები.

კითხვა N 7 - პირგასამტეხლოს თემა

ოპერატორი: „პირგასამტეხლოს/საურავის ან/და ჯარიმის საკითხი: უნდა მოხდეს ორი კუმულატიური გარემოების გათვალისწინება, შეღავათების დასადგენად და არ უნდა იყოს წარმოდგენილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა დაუდგინდეთ შედარებით მოკლე ვადები პროექტების რეალიზაციისთვის, გარემო პირობების გათვალისწინებით:

იმ ოპერატორებს, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება ერთ მილიონ ლარს, დადგინდეს მინიმალური პირობები თქვენს პროექტში ჩართულობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მათი განაცხადი არ მოიცავს და არ სცდება  ერთი რეგიონის, მაგალითად იმერეთის ან სამეგრელოს რეგიონის ფარგლებს;

გთავაზობთ დადგინდეს მაქსიმალური რაოდენობა არაუმეტეს 25 დასახლებული პუნქტის ოდენობით, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება განაცხადი ოპტიკური ქსელით შესაერთებლად ქსელთან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების გარეშე.“

ოუფენნეტი: ჩვენ არ შეგვიძლია სხვადასხვა საკონკურსო პირობები დავუწესოთ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ოპერატორებს. თქვენი თხოვნის საფუძველზე, გთავაზობთ უპრეცედენტო ჩანაწერს სამმხრივ ხელშეკრულებაში:

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ერთ ლოტზე, ან ერთ ლოტში შემავალ დასახლებული პუნქტების მის მიერ შერჩეულ რაოდენობაზე და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ჯამურ ვადას განსაზღვრავს არაუმეტეს 6 თვით, აღნიშნული ოპერატორი ქსელის მშენებლობის ნაწილში გათავისუფლებული იქნება პირგასამტეხლოსგან.

კითხვა N 8 - ლოტებად დაყოფის თემა

ოპერატორი:  „ლოტებად დაყოფის საკითხი: გთავაზობთ რომ მოხდეს ფინანსური დახმარების და თანამონაწილეობის კომპონენტში საკონკურსო ლოტების გამოყოფა მუნიციპალიტეტების ტერიტორიების მიხედვით“

ოუფენნეტი: ვითვალისწინებთ თქვენს წინადადებას და ყველა რეგიონში ლოტები განვსაზღვრეთ რაიონების დონეზე.

კითხვა N 9

ოპერატორი: „საუბარი იყო ასევე თეთრი ზონების კორექტირებაზე, ჩვენ დაწყებული გვაქვს ოპტიკის გაყვანა სხვა დასახლებულ პუნქტებამდეც, მაინტერესებს რა იქნება ბოლო ვადა ამ კაბელის გაყვანის რომ ეს დასახლებული პუნქტები ამოღებული იქნას თეთრი ზონიდან?“

ოუფენნეტი: საუბარი იყო არა თეთრი ზონების კორექტირებაზე, არამედ თეთრი ზონების სტატუსის მქონე დასახლებული პუნქტების სიის გადახედვაზე იმ პერიოდისთვის, როდესაც ოუფენნეტი დაიწყებს მშენებლობას.

გაცნობებთ, რომ ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის დასრულების შემდეგ დაიწყება ოუფენნეტის მიერ თეთრი ზონების საბოლოო სიის ჩამოყალიბება და მშენებლობის ტექნიკური დაგეგმარება. მანამდე, სანამ ოუფენნეტი დაიწყებს ქსელის მშენებლობას, დასახლებული პუნქტების სიები კიდევ ერთხელ გადამოწმდება ოპერატორებთან.

კითხვა N 10

ოპერატორი: „მოგესალმებით, მოგასხენებთ ჩვენ ამჟამად მუნიციპალური ცენტრიდან დასახლებულ პუნქტამდე გავიყვანეთ 12წვერიანი ოპტიკის კაბელი, აქედან 4 წვერი უნდა დაკავდეს ჩვენივე აბონენტებისთვის ეს მაგისტრალი სადაც 8 წვერია თავისუფალი შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გამოსადეგად თქვენი პროექტისთვის? „

ოუფენნეტი: აღნიშნული კითხვა სცილდება ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებს.

კითხვა N 11

ოპერატორი 1: „დანართი 1-ით განსაზღვრული, სხვადასხვა სახის მომსახურებების ( თანადაფინანსებით აშენებულ ქსელთან დაშვების)  ტარიფები დღეს ბაზარზე არსებულ ტარიფებზე გაცილებით დაბალია. გთხოვთ, განმარტოთ რა მონაცემებზე დაყრდნობით და რა პრინციპების გათვალისწინებით  დადგინდა  სხავადასხვა ტიპის მომსახურებებისათვის დანართი 1-ით განსაზღვრული ტარიფები.“

ოპერატორი 2: „ჩვენც ვეთანხმებით ამას, იმიტომ რომ საბაზრო ღირებულებასთან საკმაოდ აცილებულია ეს თანხა.“

ოპერატორი 3: „ეს ფასი ბევრად მაღალი იყო რამდენიმე წლის წინ. თქვენ გინდათ დააგდოთ ეს ფასი? მე უნდა მქონდეს ინტერესი, რომ  ქსელი ავაგო.  ყველაფერი ხომ არითმეტიკასთანაა კავშირში, ეს ყველაფერი უნდა ჩაისვას სადღც, რასაც ჰქვია excel-ი და ეს უნდა დავითვალოთ.“

ოპერატორი 4: „ყველაზე სასაცილო მომენტი იქნება, როცა ამის ბიზნესგეგმას გავაკეთებთ და იგივე თქვენი დაპატიჟებული ბანკები იტყვიან, თქვენი ბიზნესგეგმა არ მოგვწონს, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი რისკებიაო.“

ოუფენნეტი: დანართი 1-ით განსაზღვრული მომსახურებებისა და ტარიფების ჩამოყალიბების პროცესში ოუფენნეტმა გაითვალისწინა როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ოპერატორების ბიზნეს ინტერესები და შეეცადა, დაეცვა ბალანსი მათ შორის. ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე ერთი და იგივე კომენტარი რამდენიმე მსხვილმა ოპერატორმა გამოთქვა, გთავაზობთ შემოთავაზებული ტარიფების დაახლოებით 25%-მდე გაზრდას, კერძოდ (შეცვლილი ველები მონიშნულია ყვითლად)

ტარიფი

ხელშეუხებელი სარგებლობის უფლებით (ხსუ)

ერთჯერადი გადასახადი 1კმ - ერთი წყვილი

ოპერატორისთვის 20 წ. – 4,500.00 ლარი

ოპერატორისთვის 10 წ. – 4,000.00 ლარი

 კითხვა N 12

ოპერატორი: „ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გამოქვეყნებული დანართი 1-ის 2.1. ქვ. პუნქტში (ინტერნეტის ტარიფები) აღნიშნულია, რომ თანადაფინანსების კომპონენტით აშენებული დაშვების წერტილებში მაქსიმალური ზღვრული ტარიფი ინტერნეტ მომსახურებისათვის, განისაზღვრება არაუმეტეს თბილისის გაცვლის წერტილში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ნიშნულით. აღნიშნული პუნქტი იწვევს გაუგებრობას, შესაბამისად  გთხოვთ,  დააზუსტოთ თუ რომელი მომსახურება იგულისხმება და რომელ ოპერატორებს ეხებათ ზემოხსენებული ვალდებულება.“

ოუფენნეტი: იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორის მომსახურებათა პაკეტში შედის ინტერნეტის საბითუმო მიწოდება, მაშინ მას ეკისრება ვალდებულება ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში აშენებულ დასახლებულ პუნქტებში უზრუნველყოს საბითუმო ინტერნეტი ზემოხსენებულ ფასად.

კითხვა N 13

ოპერატორი: „ცალკე თემაა ნებართვები და მასთან დაკავშირებული სიძნელეები: ჩვენი ინტერპრეტაციით როგორც პირველად განცხადებებში და შეხვედრებზე გაცხადდა, საუბარი იყო რეგიონალურ  ოპერატორებისთვის ხელისშეწყობაზე. ხოლო თუ ოპერატორები არ მოისურვებდნენ გარკვეულ ტერიტორიებზე შესვლას მაშინ სახელმწიფო გააკეთებდა იქ ინტერნეტის ქსელს. დღევანდელი ფორმით კი სახელმწიფო აფინანსებს სესხის რამოდენიმე პროცენტს და ამაში ითხოვს იმდენივე და უფრო მეტ სარგებელს ,ვიდრე თანხას გამოყოფს.მით უმეტეს არავითარი ზომები არ მიუღია სხვა შემაბრკოლებელი გარემოებების აღმოსაფხვრელად რაც გამოწვეულია საკანომდებლო თუ ჩინოვნიკური ხარვეზებით.“

ოუფენნეტი: მთავრობის #375 დადგენილების ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი შინაარსობრივად გულისხმობს სწორედ თქვენს ინტერპრეტაციას:  „ჩვენი ინტერპრეტაციით როგორც პირველად განცხადებებში და შეხვედრებზე გაცხადდა, საუბარი იყო რეგიონალურ  ოპერატორებისთვის ხელისშეწყობაზე. ხოლო თუ ოპერატორები არ მოისურვებდნენ გარკვეულ ტერიტორიებზე შესვლას მაშინ სახელმწიფო გააკეთებდა იქ ინტერნეტის ქსელს.“

სახელმწიფო აფინანსებს სესხის 10%-ს უცხოურ და 12%-ს ადგილობრივ ვალუტაში და ამაში ითხოვს არა სარგებელს, არამედ გარანტიებს, რომ ბენეფიციარი ნამდვილად და კეთილსინდისიერად ააშენებს ინფრასტრუქტურას და უზრუნველყოფს ღია დაშვებასა და სხვა მომსახურებებს.

კითხვა N 14

ოპერატორი 1: „რაც შეეხება ჯარიმების რაოდენობას და გადაცილების დროს: საჭიროა დროის კორექტირება და აუცილებლად უნდა ჩაიდოს ფორსმაჟორის გარდა ასევე გონებრივი დრო და მასზე მიბმული დამაბრკოლებელი გარემოებები. „ 

ოპერატორი 2: „მე სადამსჯელო სანქციებს შევეხები. როგორ წარმოგიდგენიათ: სოფელში, 6 საათში, ღამე, ზამთრის პირობებში   დაზიანების შემთხვევაში, უნდა წავიდე, მთელი ჯგუფი უნდა შევკრა და  6 საათში მოვასწრო ქსელის აღდგენა?.  მოხდა ისე, რომ  „სოკარის“ ტრაქტორმა დააზიანა ჩემი ქსელი, ვინ აგებს პასუხს... ან იმ შემთხვევაში, თუ  კერძო პირია, ვთქვათ წყალი გაჰყავს და  დააზიანებს, ამ შემთხვევაში?“

ოპერატორი 3: „სწორი შეკითხვა დასვა, აქ არის პრობლემა იმის, რომ ზამთარში დაზიანების შემთხვევაში რაჭაში, სვანეთში, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისვლის პრობლემა შეიქმნება და იგივე ოპტიკური ღერების შედუღება +10 გრადუსის ქვემოთ უკვე პრობლემაა. კი, შეიძლება მანქანაში მუშაობა, მაგრამ შესაძლოა, ისეთ ადგილას იყოს, რომ მანქანით ვერ მიუდგე. არის ისეთი პირობები, რომ 6 საათში პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია. ჩვენ საკმაოდ დიდი ქსელი გვაქვს აშენებული და გვაქვს ამის გამოცდილება და იქნებ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოთ  გეოგრაფიული მდებარეობა.“

ოპერატორი 4: „იმერეთში 5000-დან 400 აბონენტი მყავს. 5000-6000 ლარი მაქვს შემოსავალი და 6-7 საათი დენი რომ გაითიშება უცებ 10 000- ის 20% უნდა გადავიხადო.“

ოპერატორი 5: „ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა 3-4 დღე მანქანა ადგილამდე ვერ მიდის,  ზოგჯერ თოვლის საფარი 1 მეტრხე მეტია.“

ოპერატორი 6: „კი ბატონო, ყოფილა შემთხვევა, რომ ანძებზე და სადგურებზე ურმებით, ცხენებით აგვიტანია აკუმულატორები და აპარატურა და, შესაბამისად, 6 საათში მსგავსი პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია.“

ოპერატორი 7: „თემა არის შემდეგი: მივედი ადგილზე, ვთქვათ, 4 საათში და დარჩენილი მაქვს ორი საათი,  არის  მინუს გრადუსები, რის გამოც კაბელის შედუღება წარმოუდგენელია.“

ოპერატორი 8: „მაშინ ქსელის ტოპოლოგია უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ რინგები.“

ოუფენნეტი: დაზიანების აღდგენის მაქსიმალური დრო (ყოფილი 6 სთ) ტრანზიტულ Ethernet არხთან, ინტერნეტთან და ოპტიკური ძარღვის იჯარასთან ან ხსუ-სთან მიმართებაში შევცვალეთ 8 საათით, ანუ ქსელის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებელი დავწიეთ 98.8%-ზე. ხოლო მაღალმთიანი[1] დასახლებისთვის იმოქმედებს დამატებითი შეღავათი, კერძოდ  დაზიანების აღდგენის მაქსიმალური დრო იქნება 8 + 6 სთ, ხოლო ქსელის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებელი დავწიეთ 98.0%-მდე.

კითხვა N 15

ოპერატორი: „საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით: ჩვენ გთავაზობთ რომ 3 წელზე გაწეროთ შესრულება ,ტრანში კი  გადარიცხოს ბანკმა იმდენ ნაწილად რამდენ ეტაპზეც დაყოფთ შესასრულებელ სამუშაოებს. ყოველი მორიგი ტრანში გადაირიცხოს წინას დასრულების შემდეგ. 2 წლის შესრულებული სამუშაოს შემდეგ ,მესამე წელიწადს გარანტიად ჩადებული იყოს წინა 2 წელიწადში შესრულებული სამუშაოს იმდენი პროცენტი,რამდენიც უზრუნველყოფს მესამე წელიწადს შესასრულებელი სამუშაოს დასრულებისთვის ღირებულებას.“

ოუფენნეტი: გიდასტურებთ, რომ სამმხრივ ხელშეკრულებაში ბენეფიციარისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვადები გაწერილია 3 წელზე. თქვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი ოუფენნეტის პირობებს არ ეწინააღმდეგება, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ იგი ბანკებს გაუზიაროთ.

კითხვა N 16  - თეთრი ზონების თემა

ოპერატორი 1: „თეთრი ზონა შემცირდება თუ გაფართოვდება?“

ოპერატორი 2: „რა შემთხვევაშია დასახლებული პუნქტი თეთრი ზონა, როცა არცერთი ოპერატორი არ არის ფაქტობრივად შესული თუ დეკლარირებული არ აქვთ წინა ეტაპზე თქვენი განაწესი?“

ოპერატორი 3: „2017 წლის თებერვალში რომ შევიდე ჩხოროწყუში, რომელიც მანამდე არ მქონდა დადეკლარირებული...“

ოუფენნეტი: დადგენილების თანახმად, თეთრი ზონა არის იმ დასახლებული პუნქტების ერთობლიობა, რომელთა კოორდინატიდან 2 კმ. რადიუსში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ან ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ არის ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ოპტიკური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტად დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ მაგისტრალთან.

იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორებს დეკლარირებული არ აქვთ ინფრასტრუქტურა, აღნიშნული დასახლებული პუნქტი მიიჩნევა თეთრ ზონად.

კითხვა N 17

ოპერატორი: „დავუშვათ, თქვენ, ,,ოუფენ-ნეტმა“, ააშენეთ ქსელი. ვინ მოახდენს მის ოპერირებას?“

ოუფენნეტი: დადგენილების თანახმად, ოუფენნეტი აშენებულ ინფრასტრუქტურას ოპერირებისთვის შესაბამის კონკურსში გამარჯვებულს გადასცემს.

კითხვა N  18 -  ნებართვების თემა

ოპერატორი 1: „უმრავლესობას, ქსელის მშენებლობის დროს კაბელების დაკიდების პრობლემები გვექმნება. აპირებს თუ არა სახელმწიფო, ამ მხრივ, რაიმე ხელშეწყობას?“

ოპერატორი 2: „რომელიღაც რეგიონში, მაგალითად, თქვენ უნდა ააშენოთ ქსელი, ბოძებზე უარს გეუბნებიან, რა აპირებთ ასეთ შემთხვევაში?“

ოპერატორი 3: „ვთქვათ, ბანკმა კრედიტი მომცა და თქვენთან პრობლემა არ მაქვს. მივდივარ, დავუშვათ, თერჯოლის გამგებელთან, რომ მომცეს ნებართვა. კანონში უწერია, 2009 წლის დადგენილებით, რომ ნებართვა არ სჭირდება, უნდა მხოლოდ შეთანხმება, ის კი არ მაძლევს ნებას. მსგავსი შემთხვევა მქონდა, როგორ უნდა მოვიქცე? „

ოუფენნეტი: ანძებზე ან/და ბოძებზე კაბელების დაკიდებასა და ზოგადად, სახაზო ნაგებობის მშენებლობის ნებართვების საკითხებზე ამჟამად მიმდინარეობს განხილვა და უმოკლეს ვადაში ეკონომიკის სამინისტრო ჩაატარებს სამუშაო შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან.

კითხვა N 19

ოპერატორი: „არის ისეთი შემთხვევები, როცა ოპერატორი ამბობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი არ გვაქვსო და სინამდვილეში  აქვს?“

ოუფენნეტი: ასეთ შემთხვევებში ოუფენნეტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი არადეკლარირებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს ოპერატორს ან სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, (მაგალითად, მათ შორის საიდუმლო ინფრასტრუქტურა), არ ექვემდებარება იჯარით გაცემას ან/და მისი საშუალებით არ ხდება სხვა ოპერატორებისთვის სერვისების მიწოდება. შესაბამისად, დასახლებული პუნქტ(ებ)ი, სადაც, სავარაუდოდ, მდებარეობს აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურა, ჩაითვლება თეთრ ზონად.

კითხვა N 20

ოპერატორი: „თქვენ გაქვთ ინფორმაცია ყველასგან, თუ სად აპირებენ შესვლას, მაგრამ ის თუ იცით თქვენთან თანამშრომლობას აპირებენ თუ არა.“

ოუფენნეტი: ოუფენნეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა 10-მდე ოპერატორმა. თუმცა რამდენად მოხდება ურთიერთთანამშრომლობა და აღნიშნული ოპერატორების თანადაფინანსება დამოკიდებულია ოპერატორების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის სიზუსტეზე და მოთხოვნებთან თავსებადობაზე და აგრეთვე ბანკების მზაობაზე, რათა გასცენ კრედიტი.

კითხვა N 21

ოპერატორი: „რომელიღაც რეგიონში, ვთქვათ, რამდენიმე ოპერატორი ჩადის სხვადასხვა გზით და არცერთმა არ მოისურვა ამ ვალდებულებების აღება, ,,ოუფენ-ნეტს“  მოუწია პროექტის თავად აშენება, გაითვალისწინებს თუ არა „ოუფენ-ნეტი“, რომ სხვა გზით შევიდეს და არა არსებულით. მაგალითად ერთი ოპერატორი რაღაც კონკრეტული ტრასით ჩადის რეგიონში და არ აიღო საკუთარ თავზე ეს ვალდებულებები და „ოუფენ ნეტმა“ უნდა ააშენოს ინფრასტრუქტურა, ეს ინფრასტრუქტურა დაემთხვევა იმ ტრასას თუ ,,ოუფენ- ნეტი“ რეზერვირებისთვის მაინც სხვა გზით წავა?“

ოუფენნეტი: დადგენილების მუხლი 4-ის თანახმად, „პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტების გეოგრაფიულ არეალებში და ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ სატელეკომუნიკაციო კვანძებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფის და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის და ტევადობის არხების, თავისუფალი ოპტიკური წყვილების არსებობა) გათვალისწინებით“.

ოუფენნეტის მიერ მშენებლობის დეტალები, მათ შორის კაბელის მიმართულებები ანუ „ტრასები“, გამოვლინდება ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩამოყალიბდება თეთრი ზონების სია და მოხდება ქსელის დაგეგმარება.

კითხვა N 22

ოპერატორი: „კარგია თუ დაძრავთ საქმეს ნებართვებზე და სხვა დამაბრკოლებელ გარემოებებზე რაც ჩამოტვლილი იყო მაგრამ რაც არ უნდა კარგი ხელშეკრულება გაგვიფორმოთ, ეგ საკიტხები თუ არ გადაწყდა პროექტის შესრულება შეუძლებელი ინება.“

ოუფენნეტი:: პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვები და სახაზო ნაგებობების რეგისტრაციების თემა სცილდება ოუფენნეტის უფლებამოსილებას.

თუმცა, ოუფენნეტმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აღნიშნული საკითხი განიხილა ეკონომიკის სამინისტროსთან და მისი ინიციატივით გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში შედგება სამუშაო შეხვედრები ოპერატორებს, სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, იმისათვის, რომ გამოვლინდეს ყველა ის ხარვეზი თუ პრობლემა, რომელიც თან ახლავს ზემოხსენებულ პროცესებს და შემუშავდეს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზუნველყობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვების გამარტივებულ აღებასა და სახაზო ნაგებობების რეგისტრაციას, რაც გააიოლებს კერძო ოპერატორების მიერ საქართველოში სატელეკომუნიკაციო ქსელების განვითარებას.

კითხვა N 23

ოპერატორი: „ავიღოთ ზესტაფონის ლოტი, სადაც 5 დასახლებული პუნქტი მომიჯნავეა ხოლო მეექვსე  სართო სხვაგან 10-15 კმზეა დაშორებული. მე მინდა გავაკეთო ქსელი  იმ 5 სოფელში ხოლო ამ მეექვსეში არა.შეიძლება რომ ამოვიღოთ თუ ...?“

ოუფენნეტი: მთავრობის დადგენილება და შესაბამისად, საკონკურსო პირობები ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ლოტიდან ამოარჩიოთ მასში შემავალი ნებისმიერი დასახლებული პუნქტები, თქვენთვის სასურველი რაოდენობით.

 კითხვა N 24

ოპერატორი: „სხვა კითხვები და შენიშვნები იხილეთ დანართებში იმერეთი-ზესტაფონის რაიონი-ქვედა საზანოს თემი-შიმშილაქედი“

ოუფენნეტი: თქვენ მიერ მოწოდებული დანართები არ გაიხსნა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი არ ითვალისწინებს დანართებში ოპერატორების მიერ შეტანილი ცვლილებების განხილვას.

კითხვა N 25

ოპერატორი: „მადლობთ რომ კორექტირებები შეიტანეთ დაზიანების აღდგენის დროში ,თუმცა სასურველი დრო იყო მინიმუმ 12 საათი, ხოლო ჯარიმების რაოდენობა შემცირებულიყო, ვინაიდან 200 კაციან სოფელზე ციფრები მაინც არაადეკვატურად დიდათ გვეჩვენება“.

ოუფენნეტი: გავითვალისწინეთ თქვენი თხოვნა და დაზიანების აღდგენის მაქსიმალური დრო გავზარდეთ 12 საათამდე, ხოლო ქსელის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებელი შესაბამისად დავწიეთ 98.3%-ზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლებებისთვის აღდგენის მაქსიმალური დრო შეადგენს 14 საათს, ხოლო ქსელის ხელმისაწვდომობა - 98%.

აგრეთვე გვსურს განვმარტოთ ჯარიმების რაოდენობა, რამეთუ ცვლილება განიცადა დანართი 1-ის 3.3 მუხლმა, კერძოდ 3.3.1 ის ა, ბ და გ ქვეპუნქტებმა:

ა) ქვეპუნქტში მინიმალურ ზღვრად კვლავ დარჩა 98% რაც გულისხმობს იმას, რომ თვის მანძილზე (30 კალენდარული დღის შემთხვევაში 720 სთ) ჯამურად სერვისის ხელმისაწვდომობა არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 705 სთ-ს და 36 წთ-ს, ანუ მეტად რომ დავაზუსტოთ თვის მანძილზე გათიშვების გამო სერვისის წყვეტების ჯამურმა ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 14 სთ-ს და 24 წთ-ს. აღნიშნული ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, თუ წლის განმავლობაში მსგავსი გარემოება არ გამნმეორდა ორ შემთხვევაზე მეტჯერ, მესამე შემთხვევის დადგომის შემთხვევაში მოქმედებს ბ პუნქტისთ გათვალისწინებული პირგასამტეხლო (აღნიშნული პუნქტი არ მოქმედებს მაღალმთიანი დასახლებებისთვის, მათთვის ქსელის ხელმისაწვდომობის მინიმალური ზღვარი შეადგენს 98%-ს).

ბ) ქვეპუნქტში მინიმალურ ზღვრად განსაზღვრულია 97.5%, რაც გულისხმობს იმას, რომ თვის მანძილზე (30 კალენდარული დღის შემთხვევაში 720 სთ) ჯამურად სერვისის ხელმისაწვდომობა არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 702 სთ-ს, ანუ მეტად რომ დავაზუსტოთ, თვის მანძილზე გათიშვების გამო სერვისის წყვეტების ჯამურმა ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 18 სთ-ს. ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვრება მითითებული ნიშნულის (20,000 ლარი) 1%-ით, ანუ 200 ლარით.

გ) ქვეპუნქტში მინიმალურ ზღვრად განსაზღვრულია 96%, რაც გულისხმობს იმას, რომ თვის მანძილზე (30 კალენდარული დღის შემთხვევაში 720 სთ) ჯამურად სერვისის ხელმისაწვდომობა არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 691 სთ-ს და 12 წთ-ს, ანუ მეტად რომ დავაზუსტოთ, თვის  განმავლობაში  გათიშვების გამო სერვისის წყვეტების ჯამურმა ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 28 სთ-ს და 48 წთ-ს. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრება მითითებული ნიშნულის (20,000 ლარი) 10% ით, ანუ 2,000 ლარით.

ასევე განვმარტავთ დანართი 1-ის 3.3 მუხლის, 3.3.2 პუნქტს. მაგ: ა) ქვეპუნქტის მიხედვით, სერვისების აღდგენისთვის მოცემულ საპატიო დროზე გადაჭარბება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 სთ-ით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ სერვისების აღდგენა მოხდა 16 სთ-ში, მოქმედებს მოცემული ქვეპუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს მითითებული ნიშნულის (20,000 ლარი) 1%-ს,  ანუ 200 ლარს.

 

------------------------------------------

[1] მაღალმთიანი დასახლება – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.