ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის მიზნით, რაჭის მიმართულებაზე საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ინტერნეტიზაციის პირველი და მეორე საპილოტე პროექტების დასრულების შემდეგ, ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭაში გრძელდება. აღნიშნულ სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას შპს „სის ბიზნეს სერვისი“ განახორციელებს, რომელმაც ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტებს შორის საუკეთესო წინადადება წარმოადგინა. აღნიშნულ კომპანიასა და ოუფენ ნეტს შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და დაიწყო საპროექტო სამუშაოები.
სამშენებლო არეალში ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე 150 კმ-ია, დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 20, ხოლო მოსახლეობა - 11,000.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ოპტიკური ქსელით დაიფარება: ქალაქი ამბროლაური, ხვანჭკარა, ჭრებალო, ბუგეული, ბოსტანა, ლიხეთი, სადმელი, კვაცხუთი, ძირაგეული, კლდისუბანი, წესი, ურავი, ნიკორწმინდა, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ხოლო ონის მუნიციპალიტეტში: დაბა ონი, უწერა, ღები, ღარი და გლოლა
რაც შეეხება ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებულ სხვა ელექტრონულ ტენდერებს, ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი ლეჩხუმის მიმართულებაზე კონტრაქტის მოლაპარაკების ეტაპზეა. ასევე გამოცხადებულია შესყიდვები სამტრედია-ჩოხატაურისა და ქობულეთი - ხელვაჩაურის მიმართულებებზე.