ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ინტერნეტმმართველობის ფორუმზე GeoIGF 2021 მარიამ სულაბერიძემ საყოველთაო ინტერნეტიზაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა

01.12.2021

„ფართოზოლოვანი საქართველო - არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ციფრული ჰაბის პერსპექტივები“- აღნიშნულ თემატურ სესიაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, ოუფენ ნეტის დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ, საქართველოს ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმზე ისაუბრა.„გასული წლის ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე შესაძლებლობა მომეცა, გამეჟღერებინა საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი საპილოტე პროექტის შესახებ, დღეს კიდევ უფრო დიდი სიამაყით შემიძლია გაგიზიაროთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს პროექტი ოზურგეთში და ამასთან, უკვე მიმდინარეობს მეორე საპილოტე პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასევე, გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვები რაჭისა და ლეჩხუმის მიმართულებებით.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ოუფენ ნეტის მიერ აშენებულ ქსელს უკვე ჰყავს მომხმარებელი და ადგილზე წარმოდგენილი ტელეკომ-ოპერატორები ჩვენი ქსელის გამოყენებით აწვდიან მომხმარებლებს ინტერნეტმომსახურებებს“, - აღნიშნა მარიამ სულაბერიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა პროექტ Log in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემუშავდა კონცეპტუალური დიზაინი და მომზადდა სატენდერო დოკუმენტაცია, რომლითაც მოხდება ყოველი ახალი შესყიდვის გამოცხადება.

„მნიშვნელოვანია , რომ პროექტი Log in Georgia არ მოიცავს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობას, არამედ, ის ასევე, მხარს უჭერს სამართლებრივი და მარეგულირებელი ინსტრუმენტების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების შექმნას, რომელიც გათვალისწინებულია 2020 წელს მიღებულ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ასევე ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები. ამავდროულად, ჩატარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა გაიზარდოს ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება მოსახლეობაში.“

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. ფორუმზე განიხილება საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებული მთავარი გამოწვევები და მომავალი შესაძლებლობები.