ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ქსელის სამშნებლო სამუშაოების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა

19.11.2021

ოუფენ ნეტის წარმომადგენლებმა და ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მეორე საპილოტე პროექტის ფარგლებში, ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის დასრულების შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ცნობიერების ამაღლების მიზნით, დარიგდა ოუფენ ნეტის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტებიც.

„ჩვენ გავაგრძელებთ სამიზნე არეალებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და ყველა იმ სოფელსა თუ დასახლებაში, სადაც ოპტიკური ქსელის მშენებლობა აქტიურ ფაზაში იქნება, შევეცდებით მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას.

ბუნებრივია, პროგრამის შესახებ დიდია ინტერესი და ხარისხიანი ინტერნეტის მოლოდინის პარალელურად, მოსახლეობას აქვს კითხვები: როდის და როგორ უნდა ჩაერთონ ქსელში, ვის უნდა მიმართონ, რამდენად უსაფრთხოა ქსელი და ა. შ. კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქსელში ჩასართავად მოსახლეობამ უნდა მიმართოს ადგილზე წარმოდგენილ ინტერნეტ-პროვაიდერებს. ოუფენ ნეტი აშენებს ოპტიკურ მაგისტრალს და არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე, პროგრამის ამ მოდელით სახელმწიფო კერძო სექტორისა და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს., - აღნიშნა ოუფენ ნეტის დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ.

ქსელის უსაფრთხოებასთან არსებული კითხვის საპასუხოდ, ოუფენ ნეტის მხრიდან გაკეთდა განმარტებები და აღინიშნა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიები მსოფლიოში აღიარებულია ინფორმაციის გადაცემის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად და მას მოიხსენიებენ მწვანე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებად. ასეთ ქსელს არ გააჩნია რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც მშენებლობის, ასევე შემდგომი ოპერირების პერიოდში.