ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

სოფელ ზენითში, ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გაიმართა

21.10.2021

„დიდი მადლობა ასეთი მიღებისთვის ამ მშვენიერ სოფელში. დღევანდელი შეხვედრიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაციფრულების პროცესი იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო განვითარდეს. რეგიონების გაძლიერების მიზნით, ევროკავშირი აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტში, რათა საქართველოს მოქალაქეებს გაუზიაროს ციფრული განვითარების სიკეთე და სარგებელი“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მე ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილიდან ვარ და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის განვითარება და გაძლიერება და ვიცი რამდენად რთულია, როდესაც სოფელს არ აქვს ინტერნეტკავშირი. სწორედ, ამიტომ ვართ დღეს თქვენთან და სხვა პროექტებთან ერთად, მხარს ვუჭერთ საქართველოს გაციფრულებას, - ამ სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა, ლოურენს მერედიტმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებამ დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

„21-ე საუკუნეში ინტერნეტის პრობლემა არ არის დაკავშირებული მხოლოდ ინფორმირებასთან. ეს არის კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლების რეალიზაციის უმთავრესი წყარო. ეს არის, პირველ რიგში, განათლების მიღების უფლება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უპირობო და გამონაკლისის გარეშე და, რა თქმა უნდა, ეს არის უსაფრთხოების გაძლიერების ელემენტი, რომელიც ასეთი მთაგორიანი სოფლებისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია“.

შეხვედრაზე „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ დელეგაციის წევრებს პრეზენტაცია წარუდგინა და პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, ასევე განხილული იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

„როგორც იცით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამით და მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად გეგმავს პროექტში ჩართულობას. უპირველესად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დღევანდელ სტუმრებს და თითოეულ მხარდამჭერს იმ ინიციატივისა და თანადგომისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს, სადაც ციფრული უთანასწორობა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 50 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 10,500 მოსახლისთვის შეიქმნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ხარისხიანი ინტერნეტკავშირით.

2025 წლისთვის, საქართველოს მასშტაბით, პროექტ "Log in Georgia"-ს ფარგლებში, ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელს მიიღებს, 500,000 ადამიანი.