საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის აღწერა
PrintPDF

ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანა სრულყოფილად დაიფარება ოპტიკური მაგისტრალებით, რათა  ხელი შეეწყოს ადგილობრივი ოპერატორების მიერ საცალო ქსელის განვითარებას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას. შედეგად, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამასთან, პროგრამა  ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას, კონკურენციის განვითარებას და კერძო ინვესტიციების მოზიდვას.   

პროგრამა ორი ეტაპისგან - ფინანსური ხელშეწყობისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტებისგან შედგება.

ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტში შედის:

  • ფინანსურ რესურსებზე წვდომის მექანიზმების ჩამოყალიბება
  • ბენეფიციარის მიერ  ამ პროგრამის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურით მომსახურების მიწოდება

 ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი გულისხმობს:  

  • ინფრასტრუქტურის პროექტირებას და მშენებლობას
  • ქსელის დაგეგმარებასა და მოწყობას
  • ინფრასტრუქტურისა და ქსელის მომსახურებას
  • საბითუმო ფართოზოლოვანი მომსახურების მიწოდებას

 პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალი

  • პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება თეთრი ზონის იმ დასახლებული პუნქტებით, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და ოპერატორების მიერ პროგრამის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა
  • პროგრამის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება თეთრი ზონის იმ დასახლებული პუნქტებით, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და პროგრამის ბენეფიციარის ან სხვა ოპერატორის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა
  • პროგრამის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი ხორციელდება თეთრი ზონის იმ ნაწილში, რომელშიც არ ხორციელდება ამ პროექტის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი
  • პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტების გეოგრაფიულ არეალებში და ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ სატელეკომუნიკაციო კვანძებამდე,   რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფის და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის და ტევადობის არხების, თავისუფალი ოპტიკური წყვილების არსებობა) გათვალისწინებით