საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

„ინტერნეტზე წვდომა და ფართოზოლოვანი ქსელებით დაუფარავი სივრცე“ - ნინო ქუბინიძე საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმზე წარდგა

PrintPDF
06.09.2016

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ყოველწლიური კონფერენცია – საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 (Geo IGF 2016) გაიხსნა. ღონისძიებას, რომელსაც   ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უმასპინძლა,   საერთაშორისო ორგანიზაციების,  სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმის დღის წესრიგი  8 დამოუკიდებელ სესიას მოიცავდა და განხილული იყო შემდეგი თემები: ინტერნეტმმართველობის საკითხები საქართველოში, ელ-მმართველობის მიღწევები და გამოწვევები, პერსონლურ მონაცემთა დაცვა და ინტერნეტი, ბავშვთა ონლაინ დაცვა და ა. შ.

მომხსენებლებმა, რომელთა შორის იყვნენ დავით ხუციშვილი  -  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ვახტანგ აბაშიძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; კრისტიან ურსე - ევროპის  საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი  საქართველოში; მაარიტ პალოვირტა - ევროპის რეგიონული ოფისი ინტერნეტ საზოგადოება (ISOC);  მიხაილ იაკუშევი - ვიცე პრეზიდენტი თანამონაწილეთა ჩართულობის დარგი აღმოსავლეთ ევროპის რუსეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ICANN7; ტომას შნაიდერი შვეიცარიის მთავრობა / ICANN-ის სამთავრობო საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე და ა. შ.  დამსწრე საზოგადოებას ინტერნეტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები გაუზიარეს  და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

სესიაზე  -  „Internet Access and Broadband Gap“  („ინტერნეტზე წვდომა და ფართოზოლოვანი ქსელებით დაუფარავი სივრცე“), „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, ნინო ქუბინიძემ ისაუბრა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ  სფეროს  განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად მრავალი ინიციატივა წამოიწყო, რომელთაგან ერთ-ერთი „საყოველთაო ინტერნეტიზაციაა“.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უმოკლეს ვადაში, მაქსიმალურად ეფექტიანად დავასრულოთ. ამგვარი ამბიცია ხელს უწყობს ადგილობრივ ოპერატორებს, რომლებიც საცალო სააბონენტო ქსელის მშენებლობით არიან დაინტერესებული, რომ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტისა და ღია დაშვების პრინციპების საფუძველზე, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის გათვალისწინებით, მყისიერად მიუერთდნენ „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებულ მაგისტრალურ ქსელს და საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის წვდომა ფართოზოლოვან ინტერნეტ რესურსებთან.

სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას, რა თქმა უნდა, ექნება ძალიან დიდი გავლენა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კერძოდ - საჯარო და კერძო სექტორს შორის ჩამოყალიბდება, განმტკიცდება და გაღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა; ადგილობრივ ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ წამოიწყონ ახალი ბიზნესი ან/და გააფართოვონ არსებული, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას; საგრძნობლად განვითარდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, ინფრასტრუქტურა და საქართველოს რეგიონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრამები და აპლიკაციები, რის შედეგადაც გაიზრდება და გაღრმავდება საზოგადოების კომპიუტერული წიგნიერება და შესაძლებელი გახდება საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში დანერგვა და გამოყენება.

ყოველივე ზემოხსენებული მოსახლეობისთვის წარმოადგენს უდიდეს სარგებელს, ხოლო ქვეყნისთვის ძალიან დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს განვითარების შემდგომ საფეხურზე გადასასვლელად“ , - განაცხადა ქუბინიძემ. 

შეგახსენებთ რომ ფორუმი ჩატარდა  ევროპის საბჭოს (CoE), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლიგიების  სააგენტოს (GITA), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), ICANN-ის და RIPE NCC-ს მხარდაჭერით.