საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ნინო ქუბინიძემ საბანკო სექტორთან და სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

PrintPDF
26.09.2016

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, ნინო ქუბინიძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან, საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პირველი ნაწილის - კერძოდ, ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის განხორციელებასთან დაკავშირებით,  სამუშაო შეხვედრები გამართა.

მთავრობის #375 დადგენილებით „ოუფენ ნეტი“ თანადამფინანსებლის სტატუსით, უშუალოდ მონაწილეობს პროგრამის ბენეფიციარსა და კომერციულ ბანკს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ურთიერთობაში. ქუბინიძის განცხადებით, მთავრობა ორიენტირებულია კერძო სექტორის ხელშეწყობაზე და სწორედ ამიტომ, „ოუფენ ნეტმა“ მიზანშეწონილად მიიჩნია, ქართულ ბაზარზე მოღვაწე სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან და სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით დაინტერესებულ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან .კიდევ ერთხელ დეტალურად განეხილა სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა.

ნინო ქუბინიძემ საბანკო სექტორთან ისაუბრა, თუ რას ითვალისწინებს ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი და რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა ბანკებსა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის.

„ჩვენ მოვამზადეთ სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ტექნიკურ დანართებთან ერთად უკვე გაეგზავნა ყველა დაინტერესებულ ოპერატორს და 16 სექტემბრიდან მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმი. ბენეფიციარები,სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში მიმართავენ საფინანსო ინსტიტუტებს. გვსურს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ინფორმაცია დეტალურად მოგაწოდოთ. მომზადებული ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მიერ ოპერატორისთვის კრედიტის გაცემის შემთხვევაში, „ოუფენ ნეტი“ განახორციელებს ბენეფიციარის კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 პროცენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში და 12 პროცენტის ოდენობით - ეროვნულ ვალუტაში. ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტთან და აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მე მზად ვარ მოვისმინო და გავიზიარო თქვენი მოსაზრებები და დაინტერესების შემთხვევაში ოპერატორებთან ერთად ჩაგრთოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა ქუბინიძემ.

„ოუფენ ნეტის“ დირექტორმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან ასევე დეტალურად მიმოიხილა მიმდინარე პროცესები და კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„თითოეული თქვენგანისთვის უკვე ცნობილია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, იცნობთ პროგრამის ფარგლებში „ოუფენ ნეტის“ მიერ მოწოდებულ ხელშეკრულებებსა და ტექნიკურ დანართებს და ჩართული ხართ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ჩვენ ველით თქვენს გამოხმაურებას ელექტრონული წერილების საშუალებით. ასევე, დღეს მე მინდა მოვისმინო - რა გაწუხებთ თქვენ, მინდა გავიგო თუ რას ეთანხმებით, ან რას ეწინააღმდეგებით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვაწვდით ალტერნატიულ შემოთავაზებას და გაამყარებთ მას მტკიცე არგუმენტებით, ჩვენ მზად ვართ ცვლილება შევიტანოთ ხელშეკრულებაში, - აღნიშნა ნინო ქუბინიძემ.

შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებენ კითხვა-პასუხის რეჟიმს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები, კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც, უმოკლეს ვადაში, გამოცხადდება კონკურსი.