ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ქობულეთის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01.09.2021

„ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა  გამართა ქობულეთის მერიაში, სადაც ქსელის მშენებელ კომპანიასთან, „სის ბიზნეს სერვისისთან“ ერთად  ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მეორე საპილოტე პროექტი წარუდგინა.

მარიამ სულაბერიძის თქმით, პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, თითოეული რგოლის, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მშენებელ კომპანიასთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ვიმედოვნებთ, ყველა ეტაპი  გეგმის მიხედვით და წარმატებით განხორციელდება.  

კომპანია „სის ბიზნეს სერვისი“ აქტიურად მუშაობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე, რომელიც  გულისხმობს, მოკვლევებს, საველე სამუშაოებს  და ქსელის დეტალურ დიზაინს. აღნიშნული ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყება ქსელის მშენებლობა. პარალელურად, სხვა რეგიონების პროექტირება-მშენებლობის მიზნით, დაგეგმილია  ახალი შესყიდვების გამოცხადება”, -  აღნიშნა  „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობის დასრულების ვადა მიმდინარე წლის 24 დეკემბრისთვის განისაზღვრა.  

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული  მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში 50 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურა აშენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  კიდევ  11 000-მდე მოსახლისთვის შეიქმნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ხარისხიანი ინტერნეტ-მომსახურებებით.