საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტის განხორციელების მიზნით, აჭარაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

PrintPDF
22.06.2021

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტის განხორციელების მიზნით,  აჭარაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან ზოიძემ და „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ ერთობლივი  შეხვედრა გამართეს და პროგრამის დაწყებისთვის  საჭირო მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„დღეს, ჩვენ პირველი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ აჭარაში, სადაც განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ქსელის მშენებლობის დასაწყებად და მშენებლობის პროცესში აქტუალური ხდება და საჭიროებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციას. ჩვენ მათ გავუზიარეთ პირველი საპილოტე პროექტის გამოცდილება და ვისაუბრეთ უახლოეს გეგმებზე“, - აღნიშნა მარიამ სულაბერიძემ.

მედიასთან კომენტირებისას მან ასევე ისაუბრა ქობულეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაზე და იმედი გამოთქვა, რომ კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორები  პროექტით დაინტერესდებიან.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში  გამოცხადებული შესყიდვით კერძო სექტორი დაინტერესდება, მიიღებს ამ გამოწვევას  და სახელმწიფოსთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის  ბოლოს დასრულდება და კიდევ 10 500 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ფართოზოლოვანი მომსახურებებით.