საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება

PrintPDF
21.07.2016

მთავრობა დღეს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამის მიხედვით გაწერილია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.

„მოგეხსენებათ, რომ თვეების წინ ჩვენ მივიღეთ სტრატეგია. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორია იდენტიფიცირებულ და დაყოფილი იქნა რამდენიმე ზონად. სახელმწიფო პროგრამა ფაქტობრივად, კერძო სექტორთან ერთად, ისე მომზადდა, რომ განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესების ზონები და არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს დღეს ინტერესი და ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას შეყვანილი, მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. ეს პროგრამა, სავარაუდოდ, წინასწარი ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, ვინადაინ ინფორმაციის წვდომა არის მთავარი წინაპირობა თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების. ვფიქრობთ, რომ როგორც განათლებისთვის, ისე ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ძალიან კარგია, რომ ჩვენ ასეთ მოკლე პერიოდში შევძელით ისე დაგვესტრუქტურირებინა ეს პროექტი, რომ მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თავლსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ხორციელდება ფონდი „ქართუსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია Open Net, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის.

„მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ავაგებთ, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში მოინდომებს, რომ მიუერთდეს ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, იქნება დაშვებული მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე. ასე, რომ ეს არის მკაფიო მაგალითი, ერთი მხრივ, ქველმოქმედების და მეორე მხრივ, ისეთი პროექტი, რომელიც არის ნამდვილად თვალსაჩინო მაგალითი კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარნიტორობის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.