საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

მარიამ სულაბერიძე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წევრებს შეხვდა

PrintPDF
17.08.2020

დღეს, „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ, საქართველოს  მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის მიწვევით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. მან ასევე ისაუბრა სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და კონკურენციის  მნიშვნელობაზე.

„თქვენ იცით, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის პარალელურად, მსოფლიო ბანკის ჩართულობით, იგეგმება ქვეყნის მასშტაბით 5 000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მოიცავს 590 000 მოსახლეს. ამ პროცესში ჩვენი უმთავრესი მიზანია სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა და  სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება, -  - აღნიშნა „ოუფენ ნეტის“  დირექტორმა.

მისივე თქმით, აშენებული ინფრასტრუქტურა ნებისმიერ ოპერატორს თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მარიამ სულაბერიძემ ასოციაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.