საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
განცხადებები

კითხვა-პასუხის რეჟიმი

PrintPDF
12.04.2018

 

კითხვა #39

საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის მე-18 და 22-ე ქვეპუნქტებში მოცემული განმარტებების საფუძველზე დგინდება, რომ სამუშაოების დასრულების აქტი მიმწოდებელს აკისრებს აშენებული ინფრასტრუქტურის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და მხოლოდ ამის შემდგომ ფორმდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რაც საბოლოო ანგარიშწორების საფუძველია (მე-17 პუნქტი); ამასთან, რეგისტრაციის ვალდებულება ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5. პუნქტით, რომლის თანახმადაც მიმწოდებელმა აშენებული ინფრასტრუქტურის შემსყიდველის სახელზე რეგისტრაცია უნდა განახორციელოს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 540 დღის ვადაში (ხელშეკრულების მოქმედების ვადა).

რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-3 მუხლის 23-ე და 89-ე და მე-15 მუხლის მე-12 პუნქტების შესაბამისად, საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის მე-7 ქვეპუნქტითა და მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი - ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი/ინფრასტრუქტურა (კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი)) წარმოადგენს ხაზობრივი ნაგებობის სახეობას, რომელიც 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განეკუთვნება პირველი კლასის შენობა ნაგებობათა კატეგორიას და რომლის მშენებლობაც წარმოებს მშენებლობის ნებართვის მიღების გარეშე, ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაქბამისად. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად არ მიიჩნება ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, ზემოხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი - ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი/ინფრასტრუქტურა (კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი)) არ ექვემდებარება რეგისტრაციას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის მე-18 და 22-ე ქვეპუნქტებში მოცემული განმარტებების და მე-4 მუხლის 4.5. პუნქტში გაწერილი ვალდებულება რეგისტრაციის შესახებ იმთავითვე შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის/ინფრასტრუქტურის (კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი)) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესაძლებლობას.

პასუხი #39

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის N306 ბრძანებით, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც, „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N375 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რეგისტრაციის მიზნებისათვის ჩაითვლება უძრავ ნივთად. შესაბამისად, აღნიშნული რეგულირება აგვარებს აშენებული ინფრასტრუქტურის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4184183

 

კითხვა #38

საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის 4.1.ა. ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ სეგმენტის პროექტირების ვადა შეადგენს 90 დღეს.

ვადებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადების განხილვის ვადაა 30 დღე, რაც ასევე ეხება პირველი კლასის მშენებოლბასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვას; რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 10 მაისის #86 3 ბრძანებით დამტკიცებული დაჩქარებული მომსახურების ვადების შესაბამისად, ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნების დაჩქარებულად მომზადების ვადა შეადგეს 10 სამუშაო დღეს - 14 კალენდარული დღე (დანართი #2-ის მე-3 პუნქტი). ამასთან, გასათვალისწინებელია ტყითსარგებლობის ნებართვის მოპოვების საკითხი, რაც რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად და საუკეთესო შემთხვევაში 6 თვიანი პროცედურაა. შესაბამისად გამოდის, რომ მოკვლევისთვის, გეოლოგიური დასკვნებისთვის, პროექტირებისთვის და ხარჯთაღრიცხვის მომზადებისთვის გათვალისწინებული ვადები შეუსაბამოა შესასრულებელ სამუშაოსთან და იმთავითვე შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სრულყოფილი პროექტის შექმნა.

პასუხი #38

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის #806 განკარგულების - „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“, მიხედვით, მთელ რიგ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ, ხოლო სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ეთხოვათ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხელშესაწყობად აუცილებელი ღონისძიებების (მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების რეგისტრაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების)  შეუფერხებლად და დაჩქარებულ ვადებში განხორციელება.

აღნიშნულ ორგანიზაციათა და დაწესებულებათა შორის არიან შესაბამისი მუნიციპალიტეტები, სსიპ  გარემოს ეროვნული სააგენტო, სსიპ  ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სხვადასხვა ხაზობრივი ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანიები და სხვა დაწესებულებები/ორგანიზაციები. საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულება იხილეთ ბმულზე http://opennet.ge/geo/static/13/sakanonmdeblo-baza

 

კითხვა #37

„საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.6. პუნქტით გათვალისწინებულია, რომ მიმწოდებელი სრულად პასუხისმგებელია მასზე დამოკიდებული ან დამოუკიდებელი მიზეზით პროექტირების/სამუშაოების შეუსრულებლობისათვის, გარდა ხელშეკრულების მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; თავის მხრივ, მე-16 მუხლის 16.1. პუნქტით (ა,ბ, და გ ქვეპუნქტები) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.

გთხოვთ განმარტებას, ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.1. პუნქტით გათვალისწინებული, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები მოიცავს თუ არა ისეთ შემთხვევებს, როდესაც (1) პროექტირების/მშენებობის განხორციელებისას აღმოჩნდება, რომ სამშენებლო პოლიგონი მოიცავს დაურეგისტრირებელ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთ, (2) პროექტირების/მშენებლობის განხორციელებისას შეიცვლება შესაბამის ტეროტიროაზე მოქმედი განაშენიანების გეგმა, (3) პროექტირების/მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო პოლიგონზე დაიგეგმება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, (4) პროექტირების/მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო პოლიგონზე მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შეიცვლება, (5) პროექტირების/მშენებლობის განხორციელებისას სამშენებლო პოლიგონის ბუნებრივი მდგომარეობა შეიცვლება შესაბამისი მოკვლევის განხორციელების შემდგომ და სხვა“.

პასუხი #37

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მე-16 მუხლი ითვალისწინებს ფორს-მაჟორულ მოვლენებს, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს. აღნიშნული მუხლის 16.1 პუნქტი ითვალისწინებს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული ფაქტი ან მოვლენა იმისთვის, რომ იგი ფორს-მაჟრულ გარემოებად ჩაითვალოს. შესაბამისად, წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა ფაქტი ან მოვლენა ჩაითვლება ფორს-მაჟორად, არ არის მიზანშეწონილი. ფაქტის ან მოვლენის ფორს-მაჟორად მიჩნევის სკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, შესაბამისი ფაქტის/მოვლენის ხასიათის, ხანგრძლივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით. აგრეთვე გათვალისწინებული იქნება ის, თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი წინასწარ განჭვრეტა, რეალურად აბრკოლებს თუ არა (ან რა მოცულობით აბრკოლებს) იგი კონკრეტული ვალდებულების შესრულებას და სხვა ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც მე-16 მუხლშია მოცემული.

თავის მხრივ, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ითანამშრომლოს მიმწოდებელთან და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საპატიოდ მიიჩნიოს მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულებათა ნებისმიერი შეუსრულებლობა, თუკი აღნიშნული რეალურად გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ხელშეკრულების პროექტის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ფორს-მაჟორული გარემოებებისა, ხელშეკრულების მე-14 მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია ხელშეკრულების შესრულების შემაფერხებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში  ვალდებულებათა შესრულების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა.

 

კითხვა #36

„საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.6. პუნქტით გათვალისწინებულია, რომ პროექტიდან/სეგმენტის პროექტიდან ნებისმიერი გადახვევა უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

გთხოვთ განმარტებას, (1) რა ვადაში უნდა შეითანხმობს შემსყიდველმა ცვლილება, (2) ვადის დარღვევის შემთხვევაში რა სამართლებრივი შედეგი დგება და (3) გამოაკლდება თუ არა (ვადიდ დენის შეჩერება) აღნიშნული ვადა კონკრეტული შესრულების საერთო ვადას“.

პასუხი #36

ხელშეკრულების 6.6 პუნქტი ეხება პროექტირების განხორციელების დროს ხელშეკრულებისა და მისი დანართების მოთხოვნებიდან გადახვევის შემთხვევაში მიმწოდებლის პასუხისმგებლობას და არა მშენებლობის პროცესში პროექტიდან / სეგმენტის პროექტიდან გადახვევის დროს შემსყიდველთან შეთანხმებას. თუმცა ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ ნებისმიერი თანხმობა, რომელზეც კონკრეტული ვადა არ არის მითითებული, უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების 12.4 — 12.6 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში და წესით.

რაც შეეხება ვადის დინების შეჩერებას, განხორციელდა ხელშეკრულების პროექტის ცვლილება, რომლითაც, ერთი მხრივ, შეიცვალა ცვლილების შეთანხმების ვადები (პროექტირების ეტაპზე - 10 დღე, ხოლო მშენებლობის ეტაპზე - 21 დღე) და, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნა შესაბამისი შესრულების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეთანხმების დრო აღნიშნულ ვადებს გადააჭარბებს. იხილეთ ხელშეკრულების პროექტის 12.5 და 12.7 პუნქტები.

 

კითხვა  #35

„საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.7. პუნქტით (ა,ბ და გ ქვეპუნქტები) გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების შემდგომაა შესაძლებელი პროექტირების ცვლილება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სამუშაოების შესრულებისას შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე საჭიროა პროექტიდან არაარსებითი ხასიათის გადახვევა, მაგალითად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას აღმოჩნდა, რომ პოლიგონზე გადის მილი, რაც არ იყო დატანილი შესაბამის დოკუმენტზე და საჭირო შემოვლა, რაც იწვევს პროექტიდან ცდომილებას 3 მეტრით). ამასთან, სამუშაოების შეჩერება წერილობითი შეთანხმების მოტივით გამოიწვევს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

გთხოვთ განმარტებას, სამუშაოების შესრულების პერიოდში ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე  რა ცდომილებაა დასაშვები შესრულებულ სამუშაოსა და პროექტს შორის, რაც არ საჭიროებს წერილობით შეთანხმებას“.

პასუხი #35

შეკითხვა ეხება პროექტის ცვლილებას მშენებლობის განხორციელების დროს, მითითებული პუნქტი (6.7) კი ეხება პროექტირების განხორციელებას ხელშეკრულებისგან განსხვავებული წესით. თუმცა, შეკითხვის შინაარსიდან გამომდინარე, გაცნობებთ შემდეგს:

სამუშაოების წარმოების პროცესში, პროექტიდან ნებისმიერი გადახვევა დაუშვებელია მიმწოდებელთან შეთანხმების, პროექტის შესაბამისი კორექტირებისა და ნებისმიერი საჭირო ნებართვის/თანხმობის მოპოვების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილების შედეგად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მარშრუტი დაგეგმილ (საპროექტო) მარშრუტს სცილდება არაუმეტეს სამი მეტრით და ამავდროულად, ცვლილება არ საჭიროებს დამატებით ნებართვას/შეთანხმებას მესამე პირებთან (მათ შორის — მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებთან). თუმცა, ამ შემთხვევაში სავალდებულოა შემსყიდველისთვის შეტყობინება. აღნიშნული რეგულირება აისახა ხელშეკრულების პროექტის 7.16-7.18 პუნქტებში.

 

კითხვა #34

„საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.10. პუქნტით გათვალისწინებულია, რომ პროექტის/სეგმენტის პროექტის ცვლილება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ განსაზრვრულ ვადაში.

გთხოვთ განმარტებას, გამოაკლდება თუ არა (ვადის დენის შეჩერება) აღნიშნული ვადა კონკრეტული შესრულების საერთო ვადას“.

პასუხი #34

აღნიშნული ვადა დაემატება კონკრეტული შესრულების საერთო ვადას, რაც აისახა ხელშეკრულების პროექტის 6.10 პუნქტში.

 

კითხვა #33

„საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით გათვალისწინებულია, რომ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები.

გთხოვთ განმარტებას, (1) სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ხელშეკრულების რომელი მხარეა პასუხისმგებელი და (2) რა მოცულობით“.

პასუხი #33

ხელშეკრულების პროექტში შეიცვალა 7.10 – 7.12 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულირება. სამუშაოთა შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთჯერადად 20 დღეს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში - ჯამურად 30 დღეს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეჩერების მიზეზი მიმწოდებლის მიერ ვალდებულებათა დარღვევაა).

ამასთან, სამუშაოთა შეჩერებისთვის სახეზე უნდა იყოს შესაბამისი აუცილებლობა, ხოლო ზემოაღნიშნული ვადების გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

კითხვა  #32

„საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.13. პუნქტით გათვალისწინებულია შემსყიდველის მხრიდან წარმოამდგენლის დანშვნა.

გთხოვთ განამრტებას, წარმომადგენლის დანიშვნა გულისხმობს თუ არა ფარული სამუშაოების აქტების გაფორმებას და ზოგადად, როგორია პოზიცია ფარული სამუშაოების აქტებთან დაკავშირებით“.

პასუხი #32

საექსპერტო დაწესებულებების საქმიანობაში არსებობს სამუშაოების მოცულობის შემოწმების შესაბამისი მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ფარული სამუშაოების შემოწმების შესაძლებლობას. მიმწოდებელს, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დამატებით ეცნობება ხელშეკრულების ინსპექტირებასთან (მათ შორის - ფარული სამუშაოების აქტების გაფორმებასთან) დაკავშირებით შემსყიდველის მიდგომის შესახებ, თუმცა აღნიშნული აქტის არარსებობა ექსპერტიზის ჩატარებას არ აბრკოლებს.

  

კითხვა #31

„გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2. პუნქტთან დაკავშირებით: (1) რა შემთხვევებზე ვრცელდება აღნიშნული მუხლი და (2) რა ვადითაა შესაძლებელი ნაკლის შეტყობინების ვადის გაგრძელება“.

პასუხი #31

ნაკლის შესახებ შეტყობინების ვადის გაგრძელების უფლება ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ინფრასტრუქტურის გამოყენება შეუძლებელია ინფრასტრუქტურის მიზნების და/ან გამიზნული დანიშნულებისამებრ. ნაკლის შესახებ შეტყობინების ვადის გაგრძელება შეიძლება არაუმეტეს 180 დღით, რაც აისახა ხელშეკრულების პროექტის 10.2 პუნქტში.

 

კითხვა #30  -  კითხვები ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5. პუნქტთან დაკავშირებით:

ა) „გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5. პუნქტთან დაკავშირებით: (1) რას გულისხმობს გადაუდებელი აუცილებლობა და (2) რა შეიძლება იყოს განსახორციელებელი ღონისძიებები“.

ბ)ხელშეკრულების 10.5. პუნქტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის დადგომიდან ხუთი (5) დღისა, უნდა შეატყობინოს მიმწოდებელს გადაუდებელი აუცილებლობისა და ასეთ შემთხვევაში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. თუ შეუძლებელია მიმწოდებელთან დაკავშირება, ან დაკავშირების შემთხვევაში მიმწოდებელი ვერ ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს გამოსასწორებელი ღონისძიებები მიმწოდებლის ხარჯით.

კითხვა: რა არის გადაუდებელი შემთხვევა? ხელშეკრულება არ შეიცავს გადაუდებელი შემთხვევის რაიმე კრიტერიუმით განსაზღვრის/დადგენის შესაძლებლობას. აღნიშნული ფართო დისკრეციას იძლევა ნებისმიერი შემთხვევა გაყვანილ იქნას გადაუდებელი აუცილებლობის კატეგორიაში“.

პასუხი #30

აღნიშნული პუნქტის მიზნებისთვის, გადაუდებელი აუცილებლობა გულისხმობს გარემოებას, როდესაც ნაკლის გამოუსწორებლობა მყისიერ საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მიმწოდებლის ფინანსურ ან სხვა სახის ინტერესებს. გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის საკითხი წყდება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ხელშეკრულების პროექტის 10.5 პუნქტში განხორციელდა ცვლილება და განიმარტა ტერმინი „გადაუდებელი აუცილებლობა“.

განსახორციელებელ ღონისძიებაში იგულისხმება არსებული ნაკლის გამოსწორება და ამისთვის აუცილებელი ყველა მოქმედება - მიმწოდებლის რისკითა და ხარჯით.

 

კითხვა #29

„გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.5. პუნქტთან დაკავშირებით: (1) რა შემთხვევებზე ვრცელდება აღნიშნული მუხლი და (2) გამოაკლდება თუ არა (ვადის დენის შეჩერება) აღნიშნული ვადა კონკრეტული შესრულების საერთო ვადას“.

პასუხი #29

ხელშეკრულების 12.5 პუნქტი ეხება მიმწოდებლის ნებისმიერ დოკუმენტს/მოთოვნას, რომელზეც საჭიროა შემსყიდველის თანხმობა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის მონაკვეთის პროექტირება სარეკომენდაციო ტოპოლოგიისაგან განსხვავებული მიმართულებით.

რაც შეეხება ვადის დინების შეჩერებას, განხორციელდა ხელშეკრულების პროექტის ცვლილება, რომლითაც, ერთი მხრივ, შეიცვალა ცვლილების შეთანხმების ვადები (პროექტირების ეტაპზე - 10 დღე, ხოლო მშენებლობის ეტაპზე - 21 დღე) და, მერორე მხრივ, გათვალისწინებული იქნა შესაბამისი შესრულების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეთანხმების დრო აღნიშნულ ვადებს გადააჭარბებს. იხილეთ ხელშეკრულების პროექტის 12.5 და 12.7 პუნქტები.

 

კითხვა #28

„გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლის 17.10. პუნქტთან დაკავშირებით: (1) რა სახის ზიანის ანაზღაურებას ეხება აღნიშნული მუხლი (პირდაპირი თუ არაპირდაპირი და (2) რა მოცულობით“.

პასუხი #28

ხელშეკრულების 17.10 პუნქტი მოიცავს ნებისმიერ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) ზიანს, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სრული მოცულობით, მაგალითად: ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც „ოუფენ ნეტის“ მიერ შერჩეული ახალი მიმწოდებელი ვერ იწყებს სამუშაოებს ძველი მიმწოდებლის აღჭურვილობისა და მასალების დროულად არგატანის გამო.

 

კითხვა # 27

„საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლის 20.7. პუნქტთი გათვალისწინებულია, რომ ხელშეკრულებას აქვს უპირატეის ძალა ყველა შეთანხმებასთან მიმართებაში; ამასთან, ხელშეკრუელბა ითვალისწინებს ცვლილების შესახებ შეთანხმებებს პროექტირების/სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში.

გთხოვთ განამრტებას, (1) ვრცელდება თუ არა აღნიშნული ჩანაწერი ხელშეკრუელბით გათვალისწინებული წერილობითი ცვლილბების გაფორმების შემთხვევაში, (2) რა მოცულობით და (3) აღნიშნული ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება თუ არა უფრო ახალი შეთანხმების უპირატესად მიჩნევის პრინციპი“.

პასუხი  #27

20.7 პუნქტი არის ზოგადი ნორმა, რომელიც ადგენს, რომ ხელშეკრულება (დანართებთან ერთად) წარმოადგენს უპირატეს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, აღნიშნულ საგანზე მხარეთა შორის გაფორმებულ ყველა სხვა დოკუმენტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართებაში. რაც შეეხება ხელშეკრულების ცვლილებებს, ნებისმიერი ცვლილება წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და ნებისმიერი ასეთი ცვლილებით ხდება გარკვეული ახალი რეგულაციის დადგენა. შესაბამისად, ხელშეკრულების ცვლილებებთან დაკავშირებით 20.7 პუნქტი ვრცელდება იმ კონტექსტში, რომ ხელშეკრულებასთან ერთად მისი ცვლილებაც წარმოადგენს უპირატეს იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას, მხარეთა შორის გაფორმებულ სხვა შეთანხმებებთან მიმართებაში.

რაც შეეხება უფრო ახალი შეთანხმებისთვის უპირატესი იურიდიული ძალის მინიჭების საკითხს, აღნიშნული წარმოადგენს სამართლის ზოგად პრინციპს და მოქმედებს, როგორც სახელშეკრულებო სამართალში, ასევე ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართების საკითხშიც. ახალი აქტის უპირატესობის პრინციპი მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებაშიც, თუმცა აღნიშნული პრინციპის გამოყენების საჭიროება, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არ დადგება, რადგან ხელშეკრულებისგან განსხვავებულ რეგულირებებს მხარეები მხოლოდ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დაადგენენ, ხოლო რაიმე ახალი ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმება არ მოხდება.

 

კითხვა # 26 -  კითხვები  ხელშეკრულების მე-20 მუხლის მე-9 პუნქტთან დაკავშირებით:

ა) „საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ნორმატიუ/ინდივიდუალურ აქტებს უპირატესი ძალა აქვთ აღნიშნულ ხელშეკრუელბასთან მიმართებაში.

გთხოვთ, (1) მიგვითითოთ კონკრეტულ აქტებზე, რომელთაც უპირატესი იურიდიული ძალა აქვთ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, (2) ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიღებულ აქტებთან მიმართებაში რა წესი მოქმედებს, (3) ეცნობება თუ არა მხარეს ასეთი აქტის მიღების შემთხვევაში, (4) კოლიზიის შემთხვევით გამოწვეულ ზიანზე რომელი მხარეა პასუხისმგებელი და (5) რა მოცულობით, (6) კოლიზიის შემთხვევა იმოქმედებს თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ცვლილებაზე“.

ბ) „ხელშეკრულების 20.9. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული შესაბამისი ნორმატიული ან/და ადმინისტრაციული აქტის მოთხოვნებს, მოქმედებს კანონი, შესაბამისი ნორმატიული ან/და ადმინისტრაციული აქტი.

კითხვა: რომელ ადმინისტრაციულ აქტებს აქვთ უპირატესობა ხელშეკრულებასთან შედარებით, როგორ რეგულირდება საკითხი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიღებულ აქტებთან მიმართებაში და აქტის გამოცემის შემთხვევაში ეცნობება თუ არა მხარეს“.

პასუხი  #26

„ოუფენ ნეტის“ მიერ მომზადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. 20.9 პუნქტი ემსახურება ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილებას და არეგულირებს იმ შემთხვევებს, როდესაც  ხელშეკრულების ნორმა თეორიულად შეიძლება შეეწინააღმდეგოს ნორმატიული აქტის მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს“. შესაბამისად, ხელშეკრულებისადმი კანონის (მისი ფართო გაგებით) უპირატესობა სამოქალაქო კოდექსითაცაა გარანტირებული. იგივე წესი მოქმედებს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიღებულ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაშიც.

აქტების ჩამონათვალი, რომლის რეგულირებებიც ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებაზე, შეიძლება მოიცავდეს მრავალ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტს, მაგალითად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონს (რომელიც თავად 20.9 პუნქტშიცაა მითითებული), სამოქალაქო კოდექსს, „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებას, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებას და სხვა. საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ამომწურავად ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან ნებისმიერი ხელშეკრულება შეიძლება მოექცეს სხვადასხვა ნორმატიული აქტის მოქმედების სფეროში.

ნორმატიული აქტების მიღება და მათში ცვლილების შეტანა ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, ეს ინფორმაცია საჯაროა და შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, მიმწოდებელს ცალკე აცნობოს აღნიშნულის შესახებ.

კოლიზიის შემთხვევაში ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკითხი გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ვფიქრობთ, ხელშეკრულებით ასეთი საკითხის წინასწარ განსაზღვრა და დარეგულირება მიზანშეუწონელია. იგივე ვრცელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ცვლილების საკითხზეც.

 

კითხვა #25

„გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი #5-ის მე-2 მუხლის 2.1.7. პუნქტთან დაკავშირებით: (1) რელოკაციის შემთხვევაში გამოაკლდება თუ არა (ვადიდ დენის შეჩერება) აღნიშნული ვადა კონკრეტული შესრულების საერთო ვადას და (2) აღნიშნული ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან რა პერიოდზე ვრცელდება“.

პასუხი #25

ამ შემთხვევაში შესრულების ვადა გახანგრძლივდება, რაც აისახა ხელშეკრულების 7.19 პუნქტში. თუმცა რელოკაცია მიმწოდებლის ხარჯით უნდა მოხდეს.

აღნიშნული ვალდებულება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე პერიოდზე ვრცელდება, რაც აისახა ხელშეკრულების 7.20 პუნქტში.

 

კითხვა #24

„ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი, დანართი N8-ის (მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება) შესაბამისად შემსყიდველს წარუდგენს სრულ პროექტს ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, სადაც გაერთიანებული უნდა იყოს ყველა სეგმენტი.

დანართი 8-ის 4.6 პუნქტის მიხედვით, სეგმენტზე (გარდა ბოლო სეგმენტისა) შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ათი (10) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველი ახორციელებს შესაბამისი სეგმენტის მშენებლობის ღირებულებების ანგარიშსწორებას.

კითხვა: ხელშეკრულების 3.3 პუნქტით, თუ ჯამური ხარჯთაღრიცხვა კეთდება და ცალკე არ ვაკეთებ სეგმენტების ხარჯთაღრიცხვას, როგორ ხორციელდება ანაზღაურება სეგმენტების მიხედვით ჩაბარებისას?“

პასუხი #24

სეგმენტის ჩაბარებისას, ანგარიშსწორება ხორციელდება საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ერთეულის ფაქტობრივი ფასების გამრავლებით შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივ მოცულობაზე, ხელშეკრულების N8 დანართის 1.10 პუნქტისა და მე-4 მუხლის მიხედვით.

 

კითხვა #23

ხელშეკრულების არაერთ პუნქტში მითითებულია ნაკლის შესახებ შეტყობინების ვადა. სად და როგორ რეგულირდება ეს ვადა?

პასუხი #23

გთხოვთ, იხილოთ ხელშეკრულების 1.1 პუნქტით განსაზღვრული N11 განმარტება და 10.1 პუნქტი.

 

კითხვა #22

„ხელშეკრულება აწესებს ვალდებულების შესრულების ვადებს, მიმწოდებლის პასუხისმგებლობას შეუსრულებლობაზე/არაჯეროვან შესრულებაზე, თუმცა არსად შეიცავს დანაწესს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებზე (აღნიშნულში არ იგულისხმება ფორს-მაჟორი).

კითხვა: პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები შემსრულებლის მხრიდან რა შეიძლება იყოს? მაგალითად, როდესაც შემსრულებელი ვალდებულებას არღვევს შემსყიდველის ბრალით, შეიძლება ეს იყოს მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება?“

პასუხი #22

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მხარეები პასუხს აგებენ ერთმანეთის მიმართ ხელშეკრულების დარღვევის გამო. შესაბამისად, თუკი მიმწოდებლის მიერ კონკრეტული მოქმედების შეუსრულებლობა შემსყიდველის ბრალით ხდება, ეს მიმწოდებელს არჩაეთვლება  ხელშეკრულების დარღვევად და იგი ამისთვის პასუხს არ აგებს.

 

კითხვა #21

„ხელშეკრულების 10.4. პუნქტის მიხედვით, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, პრაქტიკული შესაძლებლობისთანავე, ნაკლის შესახებ შეტყობინების ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს მიმწოდებელს და განუსაზღვროს ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო ვადა.

კითხვა: ნაკლის აღმოფხვრის ვადის განსაზღვრისას, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს შემსყიდველი? იყენებს თუ არა გონივრული ვადის პრინციპს?“

პასუხი #21

შემსყიდველი, ნაკლის გამოსწორებისთვის საჭირო ვადის განსაზღვრისას, აუცილებლად გაითვალისწინებს ობიექტურ გარემოებებს და იხელმძღვანელებს  გონივრული ვადის პრინციპით აღსანიშნავია, რომ „ოუფენ ნეტის“ მიერ მიმწოდებლისთვის ნაკლის გამოსასწორებლად არაგონივრული ვადის მიცემა ჩაითვლება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევად, მიუხედავად იმისა, აღნიშნულის აკრძალვა ხელშეკრულებაში პირდაპირ იქნება თუ არა გაწერილი.. თუმცა, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, გონივრული ვადის შესახებ ჩანაწერი ხელშეკრულების პროექტშიც განხორციელდა (10.4 პუნქტი).

 

კითხვა #20

„ხელშეკრულების 11.3.ბ) ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია: უზრუნველყოს მიმწოდებელზე ყველა დოკუმენტის (მათ შორის — მინდობილობის) გონივრულ ვადაში გაცემა, რომელიც აუცილებელია მიმწოდებლის მიერ ნებართვის/შეთანხმების მოსაპოვებლად, შემსყიდველის სახელზე ინფრასტრუქტურის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ან სხვა მხრივ, მიმწოდებლის მიერ პროექტირებისა  და მშენებლობის განსახორციელებლად.

კითხვა: თუ შემსყიდველი ვერ უზრუნველყოფს გონივრულ ვადაში ამგვარი დოკუმენტის მიწოდებას და ამით მიმწოდებელს წარმოეშობა ზიანი, ან გამოიწვია მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შეფერხება, რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შემსყიდველს?“

პასუხი #20

შემსყიდველის მიერ ზემოხსენებული  მინდობილობების არგაცემა, თავის მხრივ, მიმწოდებელს ათავისუფლებს მის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან, თუკი ასეთი შეუსრულებლობა შესაბამისი მინდობილობის არქონით არის გამოწვეული. აღნიშნული აისახა ხელშეკრულების პროექტის „11.3.ბ“ ქვეპუნქტში.

 

კითხვა #19

„ხელშეკრულების 11.4.ბ) ქვეპუნქტით, განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე.

კითხვა: თუ შემსყიდველმა დაარღვია ანგარიშსწორების ვადები, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რა უფლებები აქვს მიმწოდებელს? შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულებით განისაზღვროს პირგასამტეხლო?“

პასუხი #19

ხელშეკრულების პროექტში (დანართი N9) შევიდა ცვლილება და გათვალისწინებული იქნა შემსყიდველისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა.

 

კითხვა #18

„ხელშეკრულების 17.9 გ ქვეპუნქტი და ხელშეკრულების 17.10 პუნქტი.

კითხვა: თუ მიმწოდებელი აიღებს 17.9 (გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და აღნიშნულის დასრულება მიმწოდებელმა ვერ მოახერხა 21 დღეში, როგორც 17.10 პუნქტშია გათვალისწინებული, ნათელია რომ ამ 17.10 პუნქტით გათვალისწინებულ ტექნიკის გაყვანის ვალდებულებას ვერ სრულდება. შესაძლებელია თუ არა მიმწოდებლისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრება? ან საიდან გამომდინარეობს მისი დაკისრება?“

პასუხი #18

მიმწოდებლისთვის 17.10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დასაკისრებელი სანქციები (პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრება) მოცემულია იმავე პუნქტში. რაც შეეხება სხვა ვალდებულების დაკისრებას, მიმწოდებელს, ამ შემთხვევაში, არ ეკისრება სხვა რაიმე ვალდებულება, გარდა საკუთარი ხარჯითა და რისკით მიმწოდებლის აღჭურვილობისა და მასალების სამშენებლო ტერიტორიიდან გატანისა.

 

კითხვა #17

„ხელშეკრულების 17.14. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 17.13 პუნქტის შესაბამისად შეწყვეტის შემდეგ, შემსყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მიმწოდებელს პროექტირებისა და მშენებლობის ღირებულება დანართი N8-ით (მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება) გათვალისწინებული წესითა და ოდენობით.

კითხვა: თუ მიმწოდებლის ინიციატივით წყდება ხელშეკრულება, რაც გამოწვეულია შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევით, უნაზღაურდება თუ არა მიმწოდებელს ხელშერკრულების შეწყვეტის მომენტში ნაწილობრივ აშენებულ სეგმენტზე ფაქტობრივად განხორციელებული მშენებლობის ღირებულება, როგორც ეს აქვს შემსყიდველს შეწყვეტისას ხელშეკრულების დანართი 8-ის 6.2 „დ“ ქვეპუნქტით?“

პასუხი #17

აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებლისადმი ანაზღაურება განხორციელდება დანართი N8-ის 6.2 პუნქტით (მათ შორის - „6.2.დ“ ქვეპუნქტით) დადგენილი წესით. თუმცა, ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად 17.4 პუნქტში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება და მიეთითა დანართ N8-ის ზემოაღნიშნულ პუნქტზე.

 

კითხვა #16

„გთხოვთ დააკონკრეტოთ რა მეთოდოლოგიით მოხდა ლოტების ფასების კალკულაცია  (გამოყენებული იქნა თუ არა ხარჯთაღრიცვა და რა სტანტარტით/მეთოდი იყო გამოყენებული ხარჯთაღრიცხვის მომზადების დროს?“

პასუხი #16

ფასების კალკულაცია განხორციელდა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებული კვლევის საფუძველზე. აღნიშნული კვლევა განხორციელდა საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ბაზრის რეალობის გათვალისწინებით.

 

კითხვა #15  - თემატურად გაერთიანებული კითხვები:

ა) „გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი #5-ის მე-2 მუხლის 2.1.1. ქვეპუნქტთან დაკავშირებით: (1) რა უნდა იყოს თხრილის სიღრმე დაუსახლებელ პუნქტებში, (2) რა უნდა იყოს თხრილის სიღრმე ყველა სხვა ტერიტორიაზე რომელსაც არ მოიცავს 2.1.1. ქვეპუნქტის ჩამონათვალი“.

ბ) „ქვეპუნქტი 2.1.1.  - თხრილის სტანდარტული ზომები:

(1) იგულისხმება თუ არა გვერდული სავალ ნაწილად? -  გთხოვთ დაგვიკონკრეტოთ  თხრილის სიღრმე. (2) გთხოვთ, დაგვიკონკრეტოთ ქალაქგარეთ სამუშაოების წარმოებისას თხრილის სიღრმე“ 

პასუხი #15

დასახლებული პუნქტების შიგნით არსებულ  ტროტუარებზე მინიმალური სიღრმე განისაზღვრება 60 სმ-ით. ყველა სხვა ტიპის ტერიტორიაზე, მათ შორის: გზის სავალ ნაწილზე, გზის გვერდულზე, გზის გასწვრივ არებული საფეხმავლო ბილიკზე და ა.შ (დასახლებულ პუნქტშიც და მის გარეთაც) არხის სიღრმე განსაზღვრულია მინიმუმ 90 სმ-ით.  შესაბამისი შესწორება განხორციელდა ხელშეკრულების დანართი N5-ის 2.1.1 პუნქტში.

 

კითხვა #14

„გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი #5-ის მე-3 მუხლის 3.1.4. ქვეპუნქტთან დაკავშირებით: (1) კალიბრაციის შემდეგ დამჭიმი სადენის მილში გატარების აუცილებლობა და (2) წარმოადგენს თუ არა აღნიშნული იმპერატიულ მოთხოვნას“.

პასუხი #14

დამჭიმი სადენის მილში გატარება არ არის აუცილებელი. აღნიშნული მოთხოვნა ამოღებულია ხელშეკრულების N5 დანართის 3.1.4 პუნქტიდან.

 

კითხვა #13

„გთხოვთ განმარტებას საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი #5-ის მე-12 მუხლის 12.2. პუნქტთან დაკავშირებით, კერძოდ დააზუსტოდ მოთხოვნილი კაბელის სტანდარტი, უნდა გამოვიყენოთ ITU-T G.652D შესაბამისი თუ  ITU-T G.657.A1 ან უფრო მაღალი რეკომენდაციის შესაბამისი სტანდარტი.“

პასუხი  #13

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი უნდა იყოს  G.652.D ტიპის და აკმაყოფილებდეს ITU-T რეკომენდაცია G.652-ში მითითებულ პარამეტრებს. სახელმწიფო შესყიდვის პროცესში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოთავაზებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები უნდა აკმაყოფილებდეს ITU-T G.652D-ს რეკომენდაციას მოხრის გაძლიერებული მახასიათებლებით, რომელიც განსაზღვრულია  ITU-T G.657.A1 სტანდარტით, ან მასზე უკეთესით.

 

კითხვა #12    

„(დანართი N5 - მიწისქვეშა სამშენებლო სამუშაოები)

ქვეპუნქტი 3.1.4.  მილების კალიბრება:

მილების კალიბრების გულარი რა ტიპის კონსტრუქციის უნდა იყოს, ხისტი თუ დრეკადი?“

პასუხი  #12

სასურველია იყოს მყარი პლასტიკის მასალის, მაგ. პოლიამიდი.

 

კითხვა  #11

„ქვეპუნქტი 3.1.4.  მილების კალიბრება:

იგულისხმება თუ არა აღნიშნული გულარის  გატარება იმ მილში, რომელშიც პროექტის მიხედვით კაბელი უნდა გატარდეს დაწნეხვის მეთოდით?“

პასუხი #11

კალიბრება უნდა მოხდეს ყველა არხში, მიუხედავად კაბელის ჩადების მეთოდისა.

 

კითხვა #10

„ქვეპუნქტი 3.1.4.  მილების კალიბრება:

(1) მილების წარმატებით კალიბრების შემდეგ, იგულისხმება თუ არა დამჭიმი სადენის მონტაჟი იმ მილებში, სადაც ჰაერის დაწნეხვის მეთოდით უნდა გატარდეს კაბელი? (2) მილების წარმატებით კალიბრების შემდეგ - კაბელის მონტაჟის შემდგომ /პარალელურად/ უნდა დამონტაჟდეს თუ არა დამჭიმი სადენი?“

პასუხი #10

დამჭიმი სადენის მილში გატარება არ არის აუცილებელი. შესაბამისად, ჩასწორდა ხელშეკრულების დანართი N5-ის 3.1.4 პუნქტი.

 

კითხვა #9

„ქვეპუნქტი 3.2.3 მასალები:

უნდა იყოს თუ არა HDPE მილის  შიდა გული დაღარული?“

პასუხი  #9

მილს უნდა გააჩნდეს გრძივი ღარები, რაც აისახა ხელშეკრულების დანართ N5-ის 3.2.1 პუნქტში.

 

კითხვა /პასუხი #8 / დაზუსტება

განხორციელდა სხვადასხვა ცვლილება ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებულ მე-12, მე-16, 26-ე და 32-ე განმარტებებში, 6.11 პუნქტში, 7.10 პუნქტში, დანართი N4-ის მე-3 პუნქტში, დანართი N5-ის 2.1.7 პუნქტში, 2.1.8.1 პუნქტში (ჭების შიდა ზომებთან დაკავშირებით) 6.1 პუნქტის ცხრილში (გულარას დიამეტრები), 12.2 პუნქტში (ექსპლუატაციის ვადასთან დაკავშირებით), 12.3.3 პუნქტში (სტანდარტული ერთმოდიანი ძარღვის კონექტორის ტიპი), 13.3 პუნქტში (კაბინეტებთან დაკავშირებით), დანართი N7-ის 2.2 პუნქტში, დანართი N8-ის 2.1 და 4.6 პუნქტებში, „5.1.ა“ და „6.2.დ“ ქვეპუნქტებში. აგრეთვე, წინადადებასა და ფასთა კვოტირებაზე მოთხოვნის დოკუმენტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ვადები ექვემდებარება დაზუსტებას. დოკუმენტაციის განახლებული პაკეტი ხელმისაწვდომია: http://opennet.ge/geo/list/show/44-oufen-neti-sakhelmtsifo-sheskidvebistvis-sachiro-dokumentatsiis-redaqtirebul-shualedur-pakets-aqveknebs 

 

*** 

 

კითხვა / პასუხი #7 / დაზუსტება

შემცირდა ფინანსურ ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ დოკუმენტის „მოთხოვნა წინადადებასა და ფასთა კვოტირებაზე“ მე-4 მუხლის 4.2.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “პრეტენდენტს, თითოეულ ლოტში გასამარჯვებლად, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში, უნდა ჰქონდეს არანაკლებ შესაბამისი ლოტის ჯამური ღირებულების ოდენობის ფინანსური ბრუნვა.”

ხოლო, მე-4 მუხლის 4.2.3. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “პრეტენდენტი გამარჯვებულად შესაძლებელია დასახელდეს ერთზე მეტ ლოტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს მინიმუმ შესაბამისი ლოტების ჯამური ღირებულებების ოდენობის ფინანსური ბრუნვა. (მაგ. პირველ ლოტში გასამარჯვებლად პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5’790’000 ლარის ოდენობის ფინანსური ბრუნვა, ხოლო, მაგალითად, პირველ და მესამე ლოტებში გასამარჯვებლად - არანაკლებ 10’070’000 ლარის (5’790’000+4’280’000) ფინანსური ბრუნვა.)”

 

კითხვა #6

“ფინანსური ბრუნვის შეფასებისას არის თუ არა აუცილებელი, რომ აღნიშნული ბრუნვა იყოს დაგროვებული შესყიდვის ობიექტის ანალოგიურ საქმიანობაში?”

პასუხი #6

ფინანსური ბრუნვის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება არა საქმიანობის სფეროს, არამედ მხოლოდ ბრუნვის მოცულობას.

 

კითხვა #5

“შეუძლია თუ არა  შპს "A"-ს, რომელიც აკმაყოფილებს ან/და აჭარბებს ააიპ „ოუფენ ნეტის“ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს გამოცდილების ნაწილში, გაერთიანდეს ან/და შექმნას ამხანაგობა პირობითად შპს "B"-სთან, რომელიც აკმაყოფილებს ან/და აჭარბებს ააიპ „ოუფენ ნეტის“ მხოლოდ ფინანსურ მოთხოვნებს?”

პასუხი #5

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N375 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს „საქართველოში მოქმედ და რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებულ პირობებს“. შესაბამისად, ვინაიდან ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი, იგი შესყიდვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

რაც შეეხება „გაერთიანებას“, გთხოვთ დააკონკრეტოთ რას მოიაზრებთ აღნიშნულ ტერმინში.

 

კითხვა / პასუხი #4 / დაზუსტება

დოკუმენტის „მოთხოვნა წინადადებასა და ფასთა კვოტრებაზე“ მე-4 მუხლის 4.1.2 და 4.2.2 პუნქტების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გთავაზობთ ზემოხსენებული პუნქტების დაზუსტებულ რედაქციას:

4.1.2 თუ პრეტენდენტი არის იურიდიული პირი, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტს ფლობს საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და იგი (პრეტენდენტი) თავად სრულად ვერ (მხოლოდ ნაწილობრივ[1]) აკმაყოფილებს 4.1.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს, მას უფლება აქვს გამოიყენოს თავისი დამფუძნებლის (50%-ზე მეტი წილის მფლობელი უცხოური ორგანიზაციის) მონაცემები (სამუშაო გამოცდილება), რომელიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს 4.1.1 პუნქტში მითითებულ  მოთხოვნებს.

4.2.2 თუ პრეტენდენტი არის იურიდიული პირი, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტს ფლობს საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და იგი (პრეტენდენტი) თავად სრულად ვერ (მხოლოდ ნაწილობრივ[2]) აკმაყოფილებს 4.2.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს, მას უფლება აქვს გამოიყენოს თავისი დამფუძნებლის (50%-ზე მეტი წილის მფლობელი უცხოური ორგანიზაციის) მონაცემები (ფინანსური ბრუნვა), რომელიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს 4.2.1 პუნქტში მითითებულ  მოთხოვნებს.

([1],[2]ნაწილობრივ გულისხმობს 4.1.1 და 4.2.1 მუხლებში მითითებული ვალდებულებების არანაკლებ 25%-ს)

აღნიშნული ცვლილება აისახება დოკუმენტში „მოთხოვნა წინადადებასა და ფასთა კვოტრებაზე“და განახლებული ვერსია გამოქვეყნდება კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ.

 

 კითხვა #3

"მოგესალმებით, დოკუმენტი -  "მოთხოვნა წინადადებასა და ფასთა კვოტირებაზე შეკითხვა ეხება შემდეგ პუნქტებს - 4.1.2. 4.2.2. "თუ პრეტენდენტი არის იურიდიული პირი, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტს ფლობს საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ..." ვრცელდება თუ არა ამ პუნქტებში მოცემული დებულებები იმ შემთხვევაშიც, თუ პრეტენდენტის წილის მფლობელი არის არა საზღვარგარეთ, არამედ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი? და რამდენად აქვს მნიშვნელობა წილის პროცენტულობას. ამ საკითხს ნაწილობრივ ეხებოდა  კითხვა-პასუხში გამოქვეყნებული "კითხვა #1". მადლობ".

 პასუხი #3

პრეტენდენტს არ აქვს უფლება, გამოიყენოს მისი წილის/აქციების მფლობელი, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის გამოცდილება.

 

კითხვა #2

"ოუფენნეტი გამოაქვეყნებს თუ არა ინგლისურენოვან დოკუმენტაციას?"

პასუხი #2

არა. სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია იქნება მხოლოდ ქართულ ენაზე, თუმცა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დოკუმენტაციის თარგმნა ნებისმიერ სასურველ ენაზე.

 

კითხვა #1

"თუ იურიდიული პირი სხვა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად დაარსებს კომპანიას საქართველოში და ეს ერთობლივი საწარმო იქნება ტენდერში განცხადების წარმდგენი, ექნება თუ არა ამ ახლად დაარსებულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება, იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ მას არ გამოუთქვამს მონაწილეობის სურვილი 5 მარტამდე და მხოლოდ მისმა თანამფლობელმა გამოთქვა სურვილი?"  

პასუხი #1

ნებისმიერი კომპანიის მიერ ინტერესთა გამოხატვის პერიოდში სურვილის არდაფიქსირება ან/და კითხვა-პასუხის რეჟიმში არმონაწილეობა, არ წარმოადგენს მისი წინადადების წარმოდგენისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას.