ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
ახალი ამბები

ნინო ქუბინიძემ Telecom Meeting in Georgia-ს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

27.10.2016

მიმდინარე წლის  26 ოქტომბერს,  „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა,  ნინო ქუბინიძემ სატუმრო „Radisson Blue Iveria“-ში  გამართულ  „სატელეკომუნიკაციო შეხვედრების“ (TMG)  რიგით მეშვიდე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციას ესწრებოდნენ  მცირე, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები   აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან, ასევე კავკასიის რეგიონიდან -  მათ შორის,  „დოიჩე ტელეკომი“, „თურქ ტელეკომი“, „ტელია-სონერა“, „ტატა ქომუნიქეიშენს“, „ორინჯ“, „ტელეკომ იტალია“, „ოტე გლოუბი“ და სხვა. 

კონფერენციის   მიზანია, საერთაშორისო  და ადგილობრივ კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. 

ქუბინიძის განცხადებით, სატელეკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე კომპანიების  გამოცდილებათა გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და სფეროს განვითარებას.

„ჩემს პრეზენტაციაში დამსწრე საზოგადოებას გავუზიარე, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და  ასევე საშუალება მომეცა  ევროპელ კოლეგებთან მესაუბრა სფეროში არსებულ გამოწვევებზე. მნიშვნელოვანია, რომ ისინი პროგრამის  მიმდინარეობას დადებითად აფასებენ, -  განაცხადა ქუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად Telecom Meeting in Georgia-ს ორგანიზებით იმართება.