საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
შესყიდვები

საკონკურსო საბჭო აცხადებს კონკურსს

PrintPDF
28.10.2016

"საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, მთავრობის № 375 დადგენილების შესაბამისად, საკონკურსო საბჭომ ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალის თითოეული ლოტისათვის თანადაფინანსების მოსაპოვებლად, კონკურსის გამოცხადების თარიღად განსაზღვრა 2016 წლის 31 ოქტომბერი.

    

აღნიშნული გადაწყვეტილება ასახულია საკონკურსო საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის № 2 სხდომის ოქმში.

ამავე დადგენილების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა ავტორიზებულ პირს, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელ(ებ)ით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებსა და სიმძლავრეებთან დაშვებას ან მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.

საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე, დალუქულ კონვერტში და ასევე, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ან/და ნდობით აღჭურვილი (სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე) პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

 

ბენეფიციარის მიერ კონკურსზე წარსადგენი განაცხადი უნდა მოიცავდეს:

 

  1. დანართით განსაზღვრული, კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი მოთხოვნების შესაბამის დოკუმენტაციას;
  2. სამმხრივი ხელშეკრულების მე-7, მე-8 და მე-9 დანართებს. მე-7 დანართი შესრულებული უნდა იყოს MS Project-ში, მე-8 – MS Excel-ში, ხოლო მე-9 - .kmz ფორმატში;
  3. ასაშენებელი ინფრასტრუქტურის მასალათა ჩამონათვალს და ხარჯთაღრიცხვას თითოეული დასახლებული პუნქტის შესაბამისად;

განმარტება: ხარჯთაღრიცხვა ცალ ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი ოპტიკური საკაბელო მაგისტრალის ყოველი მონაკვეთისთვის, რომელიც ერთი ტიპის კაბელის (ტექნოლოგიის და წყვილების გარკვეული რაოდენობით) და მშენებლობის მეთოდით (დაკიდებით, გრუნტში მილში გაყვანით, გრუნტში ჩადებით) არის აგებული. ყოველი ასეთი მონაკვეთისთვის უნდა იყოს მითითებული: მასალების აღწერილობა (კაბელი, მილი, ქურო, ჭა, ბოძი, სხვა), მასალის  ერთეულის ფასი, ერთეულის ტიპი (რაოდენობა, მეტრაჟი), რაოდენობა, მასალების ჯამური ფასი, სამუშაოების ჯამური ფასი. კაბელის სიგრძეები უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საკაბელო ოპტიკური მაგისტრალის გაყვანის საორიენტაციო ტოპოლოგიას.

 

საკონკურსო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართული არქივირებული ფაილის სახით:

Docs.

 

  • დანართი 1. მომსახურების სახეები, ვადები, ტარიფები და ტექნიკური პარამეტრები
  • დანართი 2. ოპტიკური წყვილების ზღვრული ოდენობები და მათი გადანაწილება ქსელში
  • დანართი 3. ეთერნეტ ტრაფიკის ზღვრული მოცულობები
  • დანართი 4. ტექნიკური ნორმები
  • დანართი 5. ტექნიკური შეფასების ფორმა
  • დანართი 6. საკრედიტო ხელშეკრულებებით გამოყოფილი თანხების განკარგვის მიზნობრიობა
  • დანართი 7. მშენებლობის ვადები
  • კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი მოთხოვნები
  • ლოტებად დაყოფილი სია ( რაიონების მიხედვთ)
  • გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის მეთოდოლოგია საშუალო შეწონილის მიხედვით (მოდელი)
  • ლოტების შედგენისა და თითოეული ლოტის ღირებულების მაქსიმალური მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგია
  • სამმხრივი ხელშეკრულება
  • ქსელის სარეკომენდაციო ტოპოლოგია

გაცნობებთ,  რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 1 დეკემბერი, 24:00 საათი.

 

პატივისცემით,

ა(ა)იპ ოუფენ ნეტი